თერჯოლის “საპოვნელამ” მორიგი ამხანაგური მატჩი მოლდავურ “ზიმბრუსთან” გამართა და შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა.
ქართული კლუბის პრეს-სამსახურის ცნობით, მატჩის საწყისი წუთები მოლდაველი ფეხბურთელების აქტიურობით აღინიშნა. პირველივე წუთზე კიშინოველთა 7 ნომერს ლოდოვიჩს ჰქონდა ანაგრიშის გახსნის შანსი, თუმცა სომხიშვილმა კარგად ითამაშა.
პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტი თერჯოლელებმაც ვერ გამოიყენეს. კოშკაძის გადაცემით შარიქაძეს შეეძლო გატანა, ორჯერ დვალს მართებდა “ზიმბრუს” კარის დალაშქვრა, ბოლოს კი სიზუსტემ ბოლქვაძესაც უმტყუნა. შედეგად, პირველი ნახევარი უგოლო ფრით დასრულდა.
მეორე ნახევარი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და ანგარიშიც გაიხსნა: კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ნარიმანიძემ თავის კარში ჩაჭრა. გოლის შემდეგ ზვიად ჯელაძემ ცვლილებებს მიმართა, რამაც შედეგი გამოიღო: ბუხაიძე-ტყეშელაშვილის გამოსვლამ თამაში უფრო მეტად გამოაცოცხლა.
გოლიც სწორედ მათი აქტიურობით გავიდა. შეტევაში წასულმა ვაჭარაძემ ბუხაიძეს მიაწოდა ბურთი, რომელმაც სახიფათო საჯარიმო დარტყმა გამოიმუშავა. საჯარიმო ბოლქვაძემ შეასრულა, გიორგი ტყეშელაშვილმა კი ბურთი თავით მოლდაველთა კარში გადაგზავნა – 1:1.
“საპოვნელა”: სომხიშვილი, ოდიკაძე, ჩიკვილაძე, ბერუაშვილი, ვაჭარაძე, ნარიმანიძე (ბანძელაძე), ქათამაძე (ტყეშელაშვილი), შარიქაძე, კოშკაძე, ბოლქვაძე, დვალი (ბუხაიძე).
გოლები: 0:1 ნარიმანიძე (ავტოგოლი), 1:1 ტყეშელაშვილი.
გაფრთხილება: ნარიმანიძე, ბერუაშვილი.