საფრანგეთის ჩემპიონ “პარი სენ ჟერმენის” შემტევი ეზეკიელ ლავეცი შესაძლოა ჩინეთში გადაბარგდეს. 30 წლის თავდამსხმელს ჩინური საფეხბურთო კლუბი “შანხაი შენჰუა” სეზონში 10 მილიონ ევროს სთავაზობს. ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა “ეკიპის” ინფორმაციით, ლავეცი და აზიური კლუბი უკვე შეთანხმდნენ და ახლა ჯერი ფრანგულ კლუბზეა. ლავეცის გუნდიდან შესაძლო წასვლა პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა დღეს დაადასტურა.
“ლავეცი მარსელში იმიტომ არ იმყოფებოდა, რომ ტრანსფერის დეტალებს აგვარებს. ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” თამაშამდე გაირკვევა”, - თქვა ბლანმა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის თანხის გაღებას აპირებს “შანხაი” სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ. თუმცა, თუ ახლო წარსულში ჩინური გუნდების განხორციელებულ ტრანსფერებს გავიხსენებთ, ყველაფერი ნათელი გახდება. აღსანიშნავია, რომ ლავეცის პსჟ-სთან მიმდინარე ხელშეკრულება ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.