ფეხბურთი

11:38 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ: შეხვედრა აუდიტორულ კომპანიებთან ლიცენზირების პროცესის ფარგლებში

2016-2017წწ. ლიცენზირების პროცესის ფარგლებში 4 თებერვალს შედგა სფფ-ის შეხვედრა იმ აუდიტორულ კომპანიებთან, რომლებიც საფეხბურთო კლუბებმა დაიქირავეს ფინანსური დოკუმენტაციის აუდიტის მიზნებისთვის.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოში მოქმედი წამყვანი აუდიტორული კომპანიები: „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი“, „ბდო“, „გრანთ თორნთონი ახვლედიანი“, „ბეიკერ ტილი ჯორჯია“, „არესემ კაპტო“, „ფინანსური მართვის ჯგუფი“, „მორისონ ჯორჯია“, „ბაკაშვილი და კომპანია“.

აუდიტორული კომპანიები შეთანხმდნენ იმ ძირითად პრინციპებზე, რომლითაც მოხდება დადგენილ ვადებში კლუბების მიერ მომზადებული წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, სფფ-ის კლუბების ლიცენზირების დებულებების შესაბამისად.

ამას გარდა, სფფ-მ აუდიტორებს გააცნო ლიცენზირების ძირითადი პრინციპები და მისი სწორად და სამართლიანად განხორციელების მნიშვნელობა საქართველოში ფეხბურთის განვითარების საქმეში.

აქვე დავძენთ, რომ მიმდინარე სალიცენზიო ციკლში სფფ აქტიურად თანამშრომლობს აუდიტორულ კომპანია „ფრაისვოთერჰაუსკუპერსთან“, რომელიც შედის მსოფლიო აუდიტორულ კომპანიათა დიდ ოთხეულში და გააჩნია უეფასა და სფფ-სთან ლიცენზირების საკითხებში ერთობლივი მუშაობის გამოცდილება.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში, „ფრაისვოთერჰაუსკუპერსი“ შეამოწმებს კლუბების მიერ სატრანსფერო, საგადასახადო და თანამშრომლების მიმართ ვალდებულებების შესრულებას, ასევე პერსპექტიულ ფინანსურ ინფორმაციას (ბიუჯეტებს), ხოლო სფფ კლუბების ნაცვლად, თავად სრულად აანაზღაურებს აღნიშნულi მომსახურების ხარჯებს, თუკი ლიცენზიის მაძიებელი კლუბები დროულად და სათანადოდ შეასრულებენ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს (ვადების დაცვა, დოკუმენტაციის წარდგენის წესები და ა.შ.).

უდავოა, რომ წამყვანი აუდიტორული კომპანიების ჩართულობა ლიცენზირების პროცესში ხელს შეუწყობს როგორც სალიცენზიო გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებას, ასევე დაეხმარება კლუბებს ფინსნური საქმიანობის გაუმჯობესებაში, თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

სფფ-ს პრესსამსახური

0.11706