ჩოგბურთი

14:08 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველმა ჩოგბურთელებმა ბულგარეთი დაამარცხეს

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში თამაში 2 მოგებით და 1 მარცხთ დაასრულა და ხორვატიასთან ერთად, მეხუთე-მეექვსე ადგილები გაიყო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი გახლდათ, გუნდში კი სოფო შაფათავა, ოქსანა კალაშნიკოვა, ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ირიცხებოდნენ.

ქართულმა გუნდმა B ჯგუფში სამხრეთ აფრიკას 3:0 სძლია, პირველობისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში კი დიდ ბრიტანეთთან 1:2 წააგო. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება ვერ მოიპოვა, თუმცა, პირველ ჯგუფში ადგილი შეინარჩუნა.

ისრაელის ქალაქ ეილატში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელებმა დასკვნითი მატჩი ბულგარეთთან ჩაატარეს და მართალია, ეს შეხვედრა ბევრს აღარაფერს წყვეტდა, მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

ერთეულთა თამაშების შემდეგ, ანგარიში საყაიმო იყო. გორგოძემ (327-ე რეიტინგში) დია ევტიმოვას (366-ე) 0:6, 6:4, 6:2 სძლია, შაფათავა (226-ე) კი ისაბელა შინიკოვასთან (286-ე) 6:1, 6:7 (1:7), 4:6 დამარცხდა.

გადამწყვეტი წყილთა დაპირისპირება გამოდგა, რომელშიც კალაშნიკოვამ და შაფათავამ ელიცა კოსტოვას და შინიკოვას 6:2, 4:6, 6:4 მოუგეს.

საბოლოოდ, მსოფლიო ლიგის პლეი-ოფში თამაშის უფლება ბელგიამ და უკრაინამ მოიპოვეს, ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონას კი სამხრეთ აფრიკა და შვედეთი დაემშვიდობნენ.

0.11678