კალათბურთი

11:24 | 6.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დალასის" ანტირეკორდი და ზაზას 4 ქულა "სან ანტონიოსთან" (+VIDEO)

ზაზა ფაჩულიას „დალასმა“ კლუბის ანტირეკორდი დაამყარა. ტეხასურ დერბიში, „სან ანტონიოსთან“ საშინაო შეხვედრაში დალასელებმა პირველ ტაიმში მხოლოდ 26 ქულა ჩააგდეს და აღნიშნული პერიოდი 36 ქულით წაგეს. ეს კი „დალასის“ ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგია, აქამდე „მავერიკსს“ 1 ტაიმი 35 ქულით ჰქონდა წაგებული - 1992 წელს „საკრამენტოსთან“.

პირველი ტაიმის შემდეგ მატჩის ბედი გარკვეული იყო. „სან ანტონიომ“ მასპინძლები ყველა კომპონენტში დაჯაბნა და მეორე ნახევარი ფორმალობად აქცია. ლაღ და გახსნილ მეორე ტაიმში ბევრი ბურთი ჩავარდა და საბოლოოდ ტეხასური დერბი „სან ანტონიოს“ 26-ქულიანი გამარჯვებით - 116:90 დასრულდა.

ზაზა ფაჩულიამ სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა მოედანზე მხოლოდ 19 წუთი დაჰყო. დალასელთა ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ საბოლოოდ 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ზაზა 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთიც 2-ჯერ დაკარგა. წაგებულთაგან ბომბარდირი ჩარლი ვილანუევა და ვინმე ჯასტინ ანდერსონი გახდნენ, რომლებმაც 13-13 ქულა მოაგროვეს.

28 მოგებითა და 25 მარცხით „დალასი“ დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს ინარჩუნებს. მორიგი მატჩი ფაჩულიას გუნდს 7 თებერვალს მემფისში, კონკურენტ „გრიზლისთან“ ელის.

www.gbf.ge

0.131814