ფეხბურთი

18:23 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: "ფეხბურთის ფედერაციის პროგრამის პრეზენტაცია უმოკლეს ვადაში გაიმართება"
"ეროვნული ნაკრების მწვრთნელი? მოლაპარაკებები მიმდინარეობს"

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა დამტკიცებულია და მალე პრეზენტაციაც გაიმართება. პროგრამა, რომელსაც ამდენი ხნის განმავლობაში ველოდით და 1990 წლიდან დაწყებული ვერ ვეღირსეთ, ახლა მზადაა და მთავრობის სხდომაზეც დამტკიცდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და მას მოკლედ ვკითხეთ სხვა ამბებზეც:

ლევან კობიაშვილი: - ისტორიული დღეა და ყველანი ბედნიერები ვართ, რომ ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ჯერ სპორტის სამინისტრომ მოიწონა, დღეს კი მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. განსაკუთრებით დიდ მადლობას გადავუხდი მთავრობას და სპორტის სამინისტროს. განსაკუთრებით მადლიერნი ვართ ტარიელ ხეჩიკაშვილის, რომელიც ყველანაირად მხარში გვიდგას. ის, რაც 25 წლის განმავლობაში ვერ გაკეთდა, ახლა მზადაა და დღეიდან მოქმედებას დაიწყებს.

- თუ შეგიძლიათ, დეტალურად მოგვიყევით ამ პროგრამაზე. 265 მილიონი ლარი (5 წელიწადზე) როგორ გადანაწილდება და რა თანხა რას მოხმარდება?

- უმოკლეს ვადაში გვექნება პრეზენტაცია. ამ პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც უმაღლესი, ასევე ყველა კლუბის დახმარება. გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. ყველას ექნება საშუალება, რომ ამ პროგრამას გაეცნოს, ეს იქნება გამჭვირვალე. კლუბებს საშუალება ექნებათ, რომ დაგეგმონ განვითარების პროცესი, ანუ ამ პროგრამის საშუალებით კერძო ინვესტორებისთვის უკვე საინტერესო გახდება კლუბის შეძენა და პატრონობა.

- აქვე კახა ცხადაძის თემაზე: შეხვდით მას?

- არა, ცხადაძე თურქეთშია და შეხვედრა ვერ მოხერხდა.

- ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებს ხომ ვერ დაგვისახელებთ? და თუ მიმდინარეობს მოლაპარაკება?

- არა, ჯერ ნამდვილად ვერ დაგისახელებთ, მოლაპარაკებები კი მიმდინარეობს.

0.115538