ჩოგბურთი

14:55 | 3.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ სამხრეთ აფრიკასთან დაგვაწინაურა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა (კაპიტანი მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი), რომელიც ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკულ ზონაში საწყის მატჩს ატარებს, პირველი გამარჯვება იზეიმა.

სამხრეთ აფრიკასთან დაპირისპირებაში პირველი კორტზე ეკატერინე გორგოძე (327-ე რეიტინგში) გავიდა და მადრი ლე რუსთან (707-ე) მატჩში იოლი გამარჯვება იზეიმა – 6:3, 6:1.

ამ წუთებში საქმეში ნაკრებთა ლიდერები – სოფო შაფათავა (226-ე) და ჩანელ სიმონდსი (317-ე) არიან და თუკი ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებას მიაღწია, შეხვედრის ბედი ვადაზე ადრე გაადწყდება.

თუ ანგარიში გათანაბრდა, მაშინ გუნდები წყვილთა თანრიგში უძლიერეს შემადგენლობებს გაიყვანენ და წინასწარი განრიგით, შაფათავა და ოქსანა კალაშნიკოვა ილზე ჰატინგს და მიშელ სამონსს ეთამაშებიან.

შეგახსენებთ, რომ I ჯგუფის 14 ნაკრები ისრაელის ქალაქ ეილატშია შეკრებილი და ორ ოთხგუნდიან და ორ სამგუნდიან ჯგუფშია გადანაწილებული.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, A ჯგუფის (შვედეთი, უკრაინა, პორტუგალია) გამარჯვებული ნახევარფინალში C ჯგუფის (ხორვატია, თურქეთი, ესტონეთი, ისრაელი) საუკეთესო ნაკრებს შეხვდება.

თავის მხრივ დაწყვილდებიან B (დიდი ბრიტანეთი, საქართველო, სამხრეთ აფრიკა) და D (უნგრეთი, ბელგია, ბულგარეთი, ლატვია) ჯგუფის საუკეთესო გუნდები. ამ მატჩებში გამარჯვებული 2 ნაკრები ფედერაციის თასის მსოფლიო ჯგუფის პლეი-ოფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

ისიც ვთქვათ, რომ 4 თებერვალს საქართველოს ნაკრები ისვენებს, 5-ში კი უმთავრეს კონკურენტ დიდ ბრიტანეთს დაუხვდება. სავარაუდოა, რომ B ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას სწორედ ეს დაპირისპირება გაარკვევს.

0.125244