ფეხბურთი

19:12 | 1.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კვალიარელა წარსულს დაუბრუნდა

ვეტერანი იტალიელი თავდამსხმელი ფაბიო კვალიარელა ამიერიდან გენუის “სამპდორიას” ღირსებას დაიცავს. როგორც ლიგურიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 33 წლის ფორვარდი “მარასიზე” 2018 წლის ზაფხულამდე ითამაშებს და სეზონში ანაზღაურების სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. სხვათა შორის, კვალიარელა “სამპაში” 2006-2007 წლების სეზონშიც თამაშობდა და 35 მატჩში 13 გოლიც გაუტანია.

რაც შეეხება აწ უკვე ყოფილ კლუბ “ტორინოს”, იქ 2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული ირჯებოდა და გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაც იყო. საერთო ჯამში იტალიის ჩემპიონატში “გრანატას” მაისურით 50 შეხვედრაში თავი 18-ჯერ გამოიჩინა. თუმცა მიმდინარე წლის დასაწყისში, მას მერე, რაც ფაბიომ “ნაპოლის” კარში გატანილი გოლი არ აღნიშნა, ტურინული გუნდის ტიფოზებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ისინი გუნდიდან მის წასვლას ითხოვდნენ. კვალიარელას იტალიის ნაკრების შემადგენლობაში სხვადასხვა დროს 42 თამაშში 14 გოლი აქვს გატანილი.

0.108286