კალათბურთი

19:02 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კალათბურთში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვინაობა თითქმის ცნობილია

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის (სერბეთი) სლოვენიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ახალი სპეციალისტის ძებნას შეუდგა, რომელიც „ჯვაროსნებს“ ჩაიბარებს. მათ შორის ერთ-ერთი კანდიდატი ბერძენი მწვრთნელი, 49 წლის ილიას ზუროსია, რომელიც ამ უქმეებზე თბილისში იმყოფებოდა.

ზუროსის თბილისში სტუმრობასთან დაკავშირებით „მსოფლიო სპორტი“ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვეტერან კალათბურთელ მიხეილ გაბრიჩიძეს ესაუბრა.

- ილიას ზუროსის თბილისში ყოფნა ხომ არ ნიშნავს, რომ იგი უკვე საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია?

- თითქმის შევთანხმდით, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ილიას ზუროსი უხელმძღვანელებს.

- რას ნიშნავს თითქმის?

- მცირე დეტალებიღა დაგვრჩა შესათანხმებელი და იგი ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს.

- ზუროსის გარდა კიდევ ვინ გამოთქვა ჩვენს ნაკრებში მუშაობის სურვილი?

- ველიმირ პერასოვიჩმა, იური ზდოვცმა, ზორან ლუკიჩმა და სხვამ, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

- ზუროსზე რატომ შეაჩერეთ არჩევანი?

- მისი კონკურენტებისაგან განსხვავებით იგი პარალელურად კლუბში არ იმუშავებს და მთელ ენერგიას ნაკრებს მოახმარს. ასევე დაესწრება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს.

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი დაძაბულად კი მიმდინარეობს, მაგრამ მაღალი დონით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ხომ არ აჯობებს ზუროსმა ნაკრებისაგან თავისუფალ დროს მეტი ყურადღება საქართველოს ბავშვთა კალათბურთის განვითარებას დაუთმოს?

- ჩვენც ასე ვფიქრობთ და ზუროსიც თანახმაა, რომ ქართული კალათბურთის მომავალ თაობას დააკვირდეს და მის განვითარებაზე იზრუნოს.

- ბატონი ილიასი რამდენად ახლოს იცნობს ჩვენი ნაკრების წევრობის კანდიდატებს?

- ლიდერებს კარგად იცნობს და სხვა კალათბურთელებზეც აქვს გარკვეული წარმოდგენა.

- თუ საიდუმლო არაა რამდენი იქნება მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემთხვევაში ზუროსის ხელფასი?

- დაახლოებით იმდენი რამდენიც კოკოშკოვს ჰქონდა.

- ბევრმა ისიც არ იცის რამდენი იყო კოკოშკოვის ხელფასი...

- ჩემთვის არავითარ საიდუმლოს არ წარმოადგენს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ უხერხული იქნება მთავარი მწვრთნელის ნებართვის გარეშე იმ კონკრეტულ თანხაზე ვისაუბრო, რომელსაც იგი მიიღებს.

- როდემდე რჩება ბატონი ილიასი თბილისში?

- ზუროსი თბილისიდან უკვე გაემგზავრა.

- საბოლოოდ როდის გახდება ცნობილი „ჯვაროსნების“ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა?

- მომავალ კვირაში საბოლოოდ გაირკვევა ბატონი ილიას ზუროსის ჩვენი ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშვნა-არ დანიშვნის საკითხი.

სანაკრებო დონეზე ზუროსი 2011-12 წლებში საბერძნეთს წრთვნიდა.

საკლუბო ასპარეზზე ზუროსის განვლილი გზა ასეთია: “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) – 2000-02, “საგესე” (ლიბანი) – 2003-04, “პერისტერი” (საბერძნეთი) – 2004-05, “არისი” (საბერძნეთი) – 2005-06, “პარი-ლევალუა” (საფრანგეთი) – 2006-07, “პანელინოსი” (საბერძნეთი) – 2007-10, “ჟალგირისი” (ლიტვა) – 2011, 2013, “ეფესი” (თურქეთი) – 2012, “თოფაში” (თურქეთი) – 2014-15

0.124039