ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ჩემპიონატის მე-19 ტურის ერთ-ერთ საწყის შეხვედრაში გიორგი შერმადინის “მორაბანკ ანდორა” ქართველი ცენტრის ყოფილ კლუბ “სარაგოსას” დაუხვდა და 91:81 სძლია.
შეგახსენებთ, რომ შერმადინი არაგონულ კლუბში 2013-14 წლების სეზონში ირიცხებოდა და არაერთი დასამახსოვრებელი მატჩიც ჩაატარა, ამჯერად კი, თამაში ექს-თანაგუნდელთა წინააღმდეგ მოუხდა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესოც გახლდათ.
გიორგი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 23:30 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
ანდორელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი დაიდეს სერბმა ლუკა ბოგდანოვიჩმა და მაკედონიელმა ვოიდან სტოიანოვსკიმ. პირველმა 20 ქულა ჩააგდო, მეორემ კი – 19.
შერმადინის კლუბმა 9-9 მოგება-წაგება მოაგროვა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, მე-8 ადგილზე გადაინაცვლა. დღეს გამართავს თავის მატჩს თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩა”, რომელიც 14 გამარჯვებით მე-3 პოზიციაზეა. ბასკური კლუბი სტუმრად “მურსიას” გაეჯიბრება.