ფეხბურთი

12:53 | 31.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო ბატისტუტას დაეწია და დელ პიეროს კვალში ჩაუდგა

იტალიური “პალერმოს” ვეტერანი თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო ლეგენდარულ არგენტინელ გაბრიელ ომარ ბატისტუტას გაუტოლდა. საქმე ისაა, რომ 33 წლის ჯილარდინომ გუშინ სერია A-ს კალენდარულ ტურში “კარპის” ლამაზი გოლი გაუტანა, რომელიც მისთვის იტალიის ელიტარულ ლიგაში 184-ე აღმოჩნდა და ამ მაჩვენებლით ბატისტუტას დაეწია, ვინაც იგივე გოლების რაოდენობა 1991-2003 წლების პერიოდში “ფიორენტინას”, “რომასა” და “ინტერის” შემადგენლობაში გაიტანა.

ჯილარდინო ახლა იტალიის ჩემპიონატში 200 გოლიან ზღვარს უმიზნებს, თუმცა მანამდე ჯუზეპე სინიორისა და ალესანდრო დელ პიეროს მიღწევის გაუმჯობესება მართებს, რომელთა ანგარიშზე 188 გოლია.

ალბერტო “პალერმოში” მიმდინარე სეზონის დაწყებამდე ჩაირიცხა და 19 მატჩში წელს 6 გოლი აქვს გატანილი. სხვათა შორის, მიუხედავად შედეგიანობისა, ჯილარდინო სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი არასდროს გამხდარა, მაგრამ ორჯერ ამასთან ახლოს იყო. 2003-2004 და 2004-2005 წლების სეზონებში 23-23 გოლით მეორე ადგილს დასჯერდა, ორივე შემთხვევაში პირველადგილოსანს ერთი გოლით ჩამორჩა, ჯერ ანდრეი შევჩენკოს, მერე კრისტიანო ლუკარელის.

0.113292