იტალიის სერია A-ს ბინადარ ვერონას “კიევოს” აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალბერტო პალოსკი კარიერას უელსურ “სუონსი სიტიში” გააგრძელებს. ამის შესახებ ორივე გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.
26 წლის ფორვარდი ინგლისის პრემიერლიგის ბინადარ გუნდში წლიური გასამრჯელოს სახით 2 მილიონ ევროს მიიღებს. სხვათა შორის, იტალიელი ფორვარდი გუნდში თანამემამულე, “სუონსის” ახალი მთავარი მწვრთნელის ფრანჩესკო გვიდოლინის დავალებით აიყვანეს. აღსანიშნავია, რომ გვიდოლინისა და პალოსკის ერთად ჯერ კიდევ 7 წლის წინ, “პარმაში” უმუშავიათ.
პალოსკი “კიევოში” 2011 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრიც იყო. მიმდინარე სეზონში კი 19 ჩატარებულ მატჩში 8 გოლი ჰქონდა გატანილი.