ფეხბურთი

0:37 | 30.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაცია და სპორტის სამინისტრო 23 წლის კოტე ზარნაძეს დაეხმარნენ
სახელმწიფო პროგრამა მზად არის: დარჩა დამტკიცება

როგორც უკვე დავწერეთ, დღეს თბილისის საკრებულოში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება გაიმართა: GFF AWards 2015. საღამო გაიხსნა გასული წლის დეკემბერში ტრაგიკულად გარდაცვლილი დავით პეტრიაშვილის გახსენებით და შეგახსენებთ, სწორედ მისი დაღუპვის გამო გადაიდო დაჯილდოვება, თორემ დეკემბერში უნდა გამართულიყო.
ფედერაციამ და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინსტრომაც 10 000 - 10 000 ლარი გადასცეს მძიმე მდგომარეობაში მყოფი 23 წლის ფეხბურთელის კოტე ზარნაძის ოჯახს. მას მწვავე მიელოიდური ლეიკოზი დაუდგინეს და სჭირდება გადაუდებელი ოპერაცია, რომელიც თურქეთში ჩაუტარდება.
სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა განვლილი წელი მოკლედ შეაჯამა და არც ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის გაწეული შრომა დავიწყებია, მათ მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოებისთვის. აღნიშნა წარმატებები ასაკობრივი ნაკრებებისა, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდნენ. ასევე თქვა უეფას სუპერთასის მატჩზე და კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტით, რომ ასეთი რანგის მატჩი თბილისში გაიმართა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, რომ ფედერაციას მზად აქვს ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ვერ ვეღირსეთ. ხეჩიკაშვილმა დააანონსა, რომ პროგრამას გაეცნო და ეთანხმება, ხოლო თებერვალში ალბათ მთავრობის სხდომაზე გავა საკითხი და პროგრამაც დამტკიცდება.
შეგახსენებთ ექვსივე ნომინაციაში გამარჯვებულებს:
საუკეთესო მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია;
საუკეთესო მწვრთნელი: გია გეგუჩაძე;
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი: ალექსანდრე იაშვილი;
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: ოთარ კიტეიშვილი;
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: გულნარა გაბელია;
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: ჯაბა კანკავა;
ცნობისთვის, შარშან საუკეთესო ფეხბურთელი გახდა სოლომონ კვირკველია, რომელიც ამჟამადაც იყო სამეულში კანკავასთან და ვაკო ყაზაიშვილთან ერთად. ჯაბაზე ალალია ეს პრიზი - ნაკრებში გასულ წელს ორი გოლი გაიტანა და გამოსარჩევი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიის კარში, თანაც, მშვენიერი გოლი იყო. გარდა ამისა, ჯაბამ 2015 წელს ევროიპის ლიგის ფინალში ითამაშა ("სევილია"-"დნიპრო" 3:2) და უკრაინული გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ.
ალექსანდრე იაშვილი - 38 წლის ფეხბურთელი ისევ საუკეთესოა ეროვნულ ჩემპიონატში. 22 წელი გავიდა, რაც იაშვილმა პირველად ითამაშა ეროვნულ ჩემპიონატში და გოლების სიმრავლით პირველივე სეზონში მიიპყრო ყურადღება. შემდეგ იყო ხანგრძლივი კარიერა გერმანულ კლუბებში, ერთი წელი აზერბაიჯანშიც ითამაშა და თითქოს გადაწყვეტილი ჰქონდა თამაშის დასრულება, მაგრამ ისევ დაიწყო: ჯერ "სამტრედიაში" თამაშობდა, ზაფხულიდან კი "დინამოშია".
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და რეგიონალური ფედერაციების ხელმძღვანელებმა.

თეგებიGFF AWARDS 2015
0.171222