თურქულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის “ტორპედო” 30 იანვარს სიდედან 45 კილომეტრის მოშორებით ბელეკში გაემგზავრება და პირველ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
როგორც ცნობილია, ქუთაისელთა მეტოქე რუმინეთის ეროვნული ნაკრები იქნება, რომლის ღირსებას ქვეყნის ჩემპიონატში მონაწილე უძლიერესი ფეხბურთელები დაიცავენ.
სამწუხაროდ, “ტორპედო” რთულ მატჩს საკადრო პრობლემებით ხვდება. გუნდს დააკლდებიან მეკარეები მაქსიმე ქვილითაია და ტარიელ ხაინდრავა, მცველი ვაჟა ტაბატაძე და შუახაზელი ირაკლი კლიმიაშვილი. თურქეთში ჩამოსვლისთანავე მათ ტემპერატურამ აუწია. ახლა ბიჭების ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. ისინი თავს გაცილებით უკეთესად გრძნობენ, მაგრამ რუმინელებთან მატჩში მათი მონაწილეობა გამორიცხულია.
ამგვარად, ტორპედოელთა დამრიგებლის ალექსანდრ შტელინის თავდაპირველი ჩანაფიქრი პირველი და მეორე ტაიმები სხვადასხვა შემადგენლობებით ეთამაშა, განუხორციელებელი დარჩება. თუმცა, ამას დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ექნება. გვარიანი დანაკლისის მიუხედავად, ძლიერ მეტოქესთან საწვრთნელ თამაშს ბიჭები არ უშინდებიან.
“ტორპედო” – რუმინეთი ბელეკში თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.