კალათბურთი

22:16 | 29.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით  უსტიაშვილი: ,,დღეს სუპერლიგაში სუსტი გუნდი არ არსებობს’’

სამკვირიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატი მესამე წრის პირველი ტურის მატჩებით განახლდება. ამ შუალედში სუპერლიგის გუნდებმა ზურაბ საკანდელიძე - მიხეილ ქორქიას მემორიალში მიიღეს მონაწილეობა და საქართველოს თასზე რამდენიმე შეხვედრა ჩაატარეს.

მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა ,,ბათუმი’’, რომელიც ორი წრის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია, ხოლო თასის გათამაშებაზე ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება მემორიალს, ეს ტურნირი გუნდმა თვითნებურად მიატოვა.

გთავაზობთ ინტერვიუს ,,ბათუმის“ მთავარ მწვრთნელ დავით უსტიაშვილთან:

-რა გახდა ,,ბათუმის“ მიერ ზურაბ საკანდელიძე - მიხეილ ქორქიას მემორიალის მიტოვების მიზეზი?

- იმ შეხვედრის წინ, რომელშიც მონაწილეობა არ მივიღეთ, თითქმის ნახევარი გუნდი გრიპის ვირუსით იყო დაავადებული. ამიტომ არ გავრისკეთ და არ ვითამაშეთ. მოგეხსენებათ, რომ მემორიალში თამაში ნებაყოფლობითია და ქუთაისშიც იმ მიზნით ჩავედით, რომ გუნდი შეთამაშებულიყო. რადგან მემორიალი ზემოხსენებული მიზეზის გამო მივატოვეთ, მინდა ქუთაისელ გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო.

- ამჟამად თავს როგორ გრძნობენ კალათბურთელები?

- გამოჯანმრთელდნენ და თასის მეოთხედფინალშიც ითამაშეს, რომელიც მოვიგეთ და ნახევარფინალში გავედით.

- თქვენ ჩემპიონატშიც კარგად ასპარეზობთ და ორი წრის შემდეგ ერთპიროვნული ლიდერები ხართ. რა არის თქვენი წარმატების მიზეზი და ვის თვლით თქვენს უშუალო კონკურენტად?

- მონდომება და არაფერი განსაკუთრებული. რაც შეეხება უშუალო კონკურენტს, სუპერლიგის ყველა გუნდი სერიოზული კონკურენტია და მიმაჩნია, რომ 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში აუტსაიდერი არ არსებობს. ამით შეიძლება აიხსნას, რომ მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატში მეორე წრის ბოლო შეხვედრებში საკუთარ მოედანზე მეშვიდე ადგილზე მყოფ ,,აკადემიასთან“ დავმარცხდით, ხოლო გასვლაზე ლიდერთა შორის მყოფ ,,სოხუმსა“ და ,,ქუთაისი 2010“-ს მოვუგეთ.

- სეზონის დაწყების წინ რა შედეგი გქონდათ დაგეგმილი?

- პირველ ოთხეულში მოხვედრა. რა თქმა უნდა, არც ჩემპიონობაზე ვიტყვით უარს.

- ცოტა ხნის წინ ჩატარდა ევრო 2017-ს შესარჩევი ტურნირის კენჭისყრა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჩერნოგორიის, სლოვაკეთისა და ალბანეთის ნაკრები გუნდები იქნებიან. საინტერესოა თქვენი აზრი, რადგანაც დიდი ხანი ეროვნული ნაკრების აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელის იგორ კოკოშკოვის ერთ-ერთი ასისტენტი იყავით...

- საშუალო დონის ჯგუფია, რადგან შეიძლებოდა უფრო ძლიერი ან უფრო სუსტი ჯგუფიც შეგვხვედროდა. უშუალო კონკურენტი კი ჩერნოგორიაა, რომელიც ყველაზე სერიოზულ მეტოქედ მიმაჩნია. ჩემი აზრით, პირველი ადგილის ბედი შესარჩევი ტურნირის ბოლო შეხვედრაში გადაწყდება, რომელსაც ჩერნოგორიაში გასვლაზე ჩავატარებთ.

- ხომ არ იცით, ვინ იქნება კალათბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი?

- ამ საკითხზე ფედერაცია მუშაობს და მე ვერაფერს გეტყვით.

0.125567