რუს ჩოგბურთელს მარია შარაპოვას ნაკრებში თამაშზე უარის თქმის გამო, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გამოტოვება ემუქრებოდა.
Australian Open-ის მეოთხედფინალში მარცხის შემდეგ შარაპოვამ განაცხადა, რომ ჰოლანდიასთან ფედერაციის თასზე რუსეთის ნაკრებში არ ითამაშებს. უარის ოფიციალურ მიზეზად ჩოგბურთელის გადაღლა და ხელის ტრავმა დასახელდა, რამაც რუსულ პრესაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მარია პატრიოტიზმის არქონაში დაადანაშაულეს და ითქვა, რომ ის ნაკრებს მხოლოდ პირადი მიზნებისთვის იყენებს.
რუსეთის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი შამილ ტარპიშევი აცხადებდა, რომ შარაპოვას ეს ყოველივე ოლიმპიადის გამოტოვებად დაუჯდებოდა.
“თუკი მარიას ოლიმპიადაზე გამოსვლა სურს, მას ნაკრებში თამაში მოუწევს, ასეთია ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის წესები. ნამდვილად არ ვიცი რატომ გააკეთა ჩოგბურთელმა ასეთი განცხადება” - აღნიშნა ტარპიშევმა.
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრესსამსახურის განმარტებით კი, შარაპოვამ ოლიმპიადაზე ასპარეზობის უფლება რომ მიიღოს, ის ფედერაციის თასზე ნაკრების განაცხადში უნდა იყოს შეყვანილი, თუმცა თამაში არაა აუცილებელი.
ბოლო ინფორმაციით, რუსი ჩოგბურთელი ნაკრების განაცხადში შეყვანილია და ის მოსკოვში აუცილებლად ჩავა, თუმცა ითამაშებს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.
ფედერაციის თასის შეხვედრები 6-7 თებერვალს გაიმართება.