არნემის "ვიტესის" გულშემატკივრებმა ერედივიზიონის XX ტურში "ზვოლესთან" მატჩის 37-ე წუთზე (კაშია "ვიტესში" სწორედ ამ ნომრით თამაშობს) ქართველი მცველის სახელის სკანდირება დაიწყეს და აპლიდისმენტებით შეეგებნენ მას. ისინი, თავიანთი საყვარელი გუნდის კაპიტნის ძირითად შემადგენლობაში დაბრუნებას მოითხოვენ.
მოგეხსენებათ, კაშია არნემულ გუნდში 2010 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მას მერე გუნდის სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ 28 წლის მცველმა კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფუხლამდე არ გაახანგრძლივა. ეს ნოემბერში მოხდა და იქიდან მოყოლებული გურამმა ძირითადში ადგილი დაკარგა იგი მოედანზე არც აღნიშნულ მატჩში გამოჩენილა, მიუხედავად "გელბედრომზე" მომხდარი ფაქტისა...
სხვათა შორის, "ვიტესმა" ახლახან მთავარი მწვრთნელიც იცვალა, მაგრამ კაშიას შანსს არც რობ მაასი აძლევს. აქედან გამომდინარე ადვილი შესაძლებელია მისი უთამაშებლობა მწვრთნელის ფაქტორს სცილდებოდეს კიდეც...
არადა, მიმდინარე სეზონს "ვიტესის" კაპიტანი ჩინებულად ატარებდა და მიუხედავად სათამაშო პოზიციისა, ერედივიზონის 14 მატჩში 3 გოლთან ერთად 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. აგვისტოში კი ჰოლანდიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა...