რაგბი

21:40 | 28.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამი “შევარდენზე” და ორიც დასავლეთში

სანამ საქართველოს ეროვნული ნაკრები “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბება, ქართული რაგბის ნამდვილ ქომაგს იქ სამჯერ მოუწევს შეკრება. პარასკევს საქართველოს მორაგბეთა XXVI ეროვნული ჩემპიონატი, დიდი 10 სრული მასშტაბით განახლდება და სამივე თბილისური თამაში “შევარდენზეა” დანიშნული, რადგან “ავჭალის” სარაგბო სტადიონი გერმანელთა დასახვედრად ემზადება.

პარასკევს, 29 იანვარს, 14:30 საათზე დედაქალაქურ დერბიში ერთმანეთს ლიდერი და აუტსაიდერი ეთამაშება. “არმაზი”, რომელსაც განვლილი 12 შეხვედრიდან ერთიც არ მოუგია, ქვეყნის ჩემპიონ “ლელო-სარასენსს” დაუხვდება. ლელოელებს საახალწლო შესვენებამდე ხუთმატჩიანი მოგებათა სერია დაუგროვდათ, რითაც ლიდერის პოზიციაზე აღზევდნენ და ახლა ამ ლიდერობის განმტკიცების კარგი შანსი აქვთ. წაგებების მიუხედავად, “არმაზს” პრემიალური ქულების ხარჯზე დიდ 10-ში დარჩენის შანსი ჯერ კიდევ შერჩა, მაგრამ მოგებები თუ არ დაიწყო ეს შანსი გამოუყენებელი დარჩება. პირველ წრეში “არმაზი” ტიტულოვან მეტოქეს ბოლომდე ებრძოლა, მხოლოდ 15:20 დამარცხდა და პრემიალური ქულა აიღო, მაგრამ ახლა მხოლოდ პრემიის მიღება დიდი ვერაფერი შეღავათი იქნება.

შაბათს იმავე “შევარდენზე”, ოღონდ 14 საათზე, ქვემოქართლური დერბია. ბოლნისის “ყოჩები” რუსთავის “ხარებს” უმასპინძლებს და ექვსეულში პოზიციების გამყარებას შეეცდება. ერთი კვირის წინ ბოლნისელებმა ქუთაისის “აია” გადადებულ შეხვედრაში დაამარცხეს და საპლეიოფო ზონაში მყარად დამკვიდრდნენ, მაგრამ ახლა მეტი წინსვლაა საჭირო, რათა გადათამაშებაში უკეთესი პოზიციით შევიდნენ. რუსთაველებს ექვსეულში შესვლის პრაქტიკული შანსი აღარ აქვთ და არც ბოლო ადგილზე დაშვება ემუქრებათ, მაგრამ გადათამაშების ზონასთან ძალიან ახლოს არიან. პირველ წრეში “ყოჩებმა” “ხარები” 28:11 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.

შაბათსვე ფოთში “ბათუმი” თბილისის “აკადემიას” მასპინძლობს. ზღვისპირელებს მოწინავე პოზიციების შენარჩუნება სურთ და ამისათვის თამაშების მოგებაა საჭირო. “აკადემიას” საპლეიოფო ზონას 9 ქულით აშორებს და თეორიულად მისი აღმოფხვრა რთული იქნება. “ხარების” მსგავსად, გასავარდნ ზონას ისინიც კარგად გვარიანად დაშორდნენ, თუმცა, გადათამაშება ჯერ არიდებული არა აქვთ. პირველ წრეში “ბათუმმა” თბილისში 15:9 მოიგო.

კვირას “შევარდენზე” გორის “ჯიქი” თბილისის “არმიას” ეთამაშება. გორელები დიდი ხნის განმავლობაში სატურნირო ცხრილს ლიდერობდნენ, მაგრამ წლის ბოლოს წაგებებს მოუხშირეს და პოზციები დათმეს. ახლა მათ დასვენებულზე ძველი დიდების დაბრუნების სურვილი აქვთ. თავის მხრივ, “არმია” გასავარდნ ზონასთან ჯერ კიდევ ახლოსაა და ესეც რომ არა, პირველლიგელთან გადათამაშების თავიდან არიდება სურს. პირველ წრეში გორელებმა არმიელებს 27:21 სძლიეს.

ტურის ცენტრალური თამაში კვირას, 31 იანვარს 14:30 საათზე ქუთაისში დაიწყება და მასში ერთმანეთს ძველი მეტოქეები - “აია” და თბილისის “ლოკომოტივი” შეხვდებიან. ეს გუნდები საპლეიოფო ზონაში უკეთესო პოზიციის დასაკევაბლად იბრძვიან და ბრძოლაც ტრადიცულად უშეღავათო იქნება. ქუთაისელებმა წელს ერთხელ უკვე ითამაშეს და “შევარდენზე” “ყოჩებთან” 20:27 დამარცხდნენ, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა.

მოგეხსენებათ, პლეი ოფში პირველი-მეორე ადგილით გასული გუნდები განსაკუთრებულ პირობებში არიან, რეგულარული გათამაშების მესამე-მეოთხე ადგილზე დასრულება კი, პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლობის უფლებას იძლევა, რაც ასევე მნიშვნელოვანია. პირველ წრეში ქუთაისელებმა “ლოკომოტივს” თბილისში 18:16 სძლიეს, ახლა მათ მხარეს შინაური კედლებიცაა და თუ კვლავ იმარჯვეს, რეგულარული გათამაშების მოწინავე ადგილებზე დასრულება სავსებით რეალური გახდება.

საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატი. დიდი 10. XIII ტური

29 იანვარი

თბილისი. “შევარდენი”. 14:30 საათი

არმაზი (თბილისი) - ლელო-სარასენსი (თბილისი)

30 იანვარი

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

ყოჩები (ბოლნისი) - ხარები (რუსთავი)

ფოთი. 14:00 საათი

ბათუმი (ბათუმი) - აკადემია (თბილისი)

31 იანვარი

თბილისი. “შევარდენი”. 14:00 საათი

ჯიქი (გორი) - არმია (თბილისი)

ქუთაისი. 14:30 საათი

აია (ქუთაისი) - ლოკომოტივი (თბილისი)

1. ლელო-სარასენსი 12 9 1 2 221:165 41 3
2. ბათუმი 12 8 1 3 201:158 38 4
3. ლოკომოტივი 12 8 0 4 225:172 37 5
4. ჯიქი 12 7 1 4 193:135 35 5
5. აია 11 7 1 3 178:143 32 3
6. ყოჩები 11 6 0 5 178:169 28 4
7. აკადემია 12 5 0 7 114:168 23 3
8. ხარები 12 4 0 8 141:197 20 4
9. არმია 12 2 1 9 195:268 16 6
10. არმაზი 12 0 1 11 152:223 9 7

0.10852