ფეხბურთი

12:07 | 27.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაიოზ დარსაძე: ”ხსნა – მწვრთნელები, ინფრასტრუქტურა, დრო”
“იმდენი შეურაცხყოფის ატანა მიწევდა, მტერს არ ვუსურვებ”

მართალია, ბოლო დღეებში ქართულ ფეხბურთში არეულობამ იმატა, მაგრამ სხვა თემებსაც უნდა შევეხოთ: ბევრი რამ არის გასაკეთებელი ბავშვთა და ჭაბუკთა ფეხბურთის წინ წამოსაწევად, რათა შემდგომში ვაი-ვიში არ ატყდეს, ფეხბურთელები არ გვყავსო და ხელი ერთ-ორ კაცს არ შეაწმინდონ.

“მსოფლიო სპორტი” საქართველოში მწვრთნელთა განათლების კურსების ხელმძღვანელს, გაიოზ დარსაძეს ესაუბრა. შეგახსენებთ, დარსაძე 2005 წელს საქართველოს ეროვნულ ნაკრებსაც წვრთნიდა - სანამ კლაუს ტოპმიოლერს მოიწვევდნენ.

- თანმიმდევრულად მივყვეთ და ყველაზე მეტად რაში ხედავთ პრობლემებს: რატომ გვყავს ასეთი ცოტა კვალიფიციური ფეხბურთელი? რატომ ვერ ვითარდებიან ჭაბუკთა ასაკის შემდეგ?

- საამისოდ საჭიროა გრძელვადიანი განვითარების პროგრამა. საჭიროა განათლებული მწვრთნელების სიმრავლე, კარგი ინფრასტრუქტურა და დრო, რათა მოვამზადოთ განსწავლული ფეხბურთელები. ეს ყველაფერი უნდა ხდებოდეს შესაბამის საგანმანათებლო საფეხბურთო სკოლებში, ანუ საჭიროა სპეცდაწესებულებები. არის? არ არის. უნდა შედგეს ბავშვთა თუ ჭაბუკთა პორტრეტები, ვის რა აკლია, რაზეა სამუშაო. ამავე სკოლებში უნდა წარმოებდეს ინდივიდუალური სამუშაოები, თუმცა ეს ინდივიდუალური მიდგომა ახლაც შესაძლებელია ვარჯიშებზე. ხუთი წუთი რომ ერთ ბავშვს დაუთმონ, არაფერი მოხდება. თუმცა ეს ფორსმაჟორულია, მთავარი მაინც აკადემიების შექმნა და ამუშავებაა. კიდევ ვიმეორებ: განათლებული მწვრთნელები, ინფრასტრუქტურა და დრო.

- ამჟამად რამდენ ქართველ მწვრთნელს აქვს პრო, ა, ბ და ც ლიცენზიები?

- პროლიცენზია შარშან 15-მა ქართველმა გაიარა, თუმცა ჯერ აუღიათ დიპლომი. ა ლიცენზია აქვს 163 კაცს, ბ დაახლოებით 600-ს, ც კი – 1400-მდე ადამიანს. რამდენიმე დღის წინ დავასრულეთ ბ ლიცენზიის კურსები, რომელშიც 27 მწვრთნელი იყო ჩაბმული, თუმცა ყველას არ აუღია დიპლომი.

- ჩვენთან წარუმატებლობას მეტწილად ერთ, ან ორ კომპონენტს აბრალებენ. ზოგჯერ ფიზმომზადებას, ზოგჯერ არასწორ ტაქტიკას... თქვენ როგორ ხედავთ, რა კომპონენტებში გვიჭირს ყველაზე მეტად?

- თითქმის ყველაფერში. იოლია ასე ხელაღებით თქვა, ფიზმომზადება არ ვარგაო. არც ფიზიკურად, არც ტაქტიკურად, არც ტექნიკურად და არც მორალურად ახლოსაც არ ვართ თანამედროვე ფეხბურთთან. 2016 წელია, ფეხბურთი ყოვეწლიურად კი არა, ყოველთვიურად ვითარდება, შემჭიდროვდა თამაში, სივრცე და დრო აღარაა და ჩვენ მაინც წარსულში დავრჩით. საჭიროა ანალიზი, სად ვართ და რა გვჭირდება. ჯერ ანალიზია საჭირო, მერე კი მიზანი – თუ რა გვსურს. ჩვენთან გაანალიზება რატომღაც ეზარებათ, ან ჰგონიათ, რომ ყველაფერი იციან. ლეო მესიზე მეკამათებოდნენ, რომ ამბობთ ფეხბურთი გუნდური სპორტიაო, მესი გუნდური ფეხბურთელიაო? აბა, ვინ არის? სწორედ რომ გუნდურია. მესი ინდივიდუალიზმს უხამებს გუნდურობას. ჯერ გუნდურია და მერეა ინდივიდუალისტი.

- თვალსაჩინოა, რომ საქართველოში ფეხბურთისადმი ინტერესმა იკლო. ეს აისახება ბავშვებშიც, ეზოებში იშვიათადღა თამაშობენ და მეტწილად კომპიუტერს არიან მიჯაჭვულნი. თუმცა კომპიუტერი უცხოურ ქვეყნებშიც არის. რა არის საჭირო, რომ ინტერესი გაღვივდეს?

- სწორედ ის, რაზეც ვისაუბრეთ. აკადემიების შექმნა ბევრ ბავშვს გულს მოუბრუნებს ფეხბურთისკენ. არ არის აუცილებელი, ყველა ფეხბურთელი გამოვიდეს, მაგრამ ჯანმრთელი ხომ გაიზრდება? პიროვნებად ხომ ჩამოყალიბდება? ფეხბურთთან ერთად განათლებაც უნდა მიიღონ. ესპანეთის 17-წლამდელთა ნაკრები თბილისში რომ ჩამოვიდა, ფეხბურთელებს თან მასწავლებლებიც ჩამოყვნენ. საერთოდ, 6 წლის ქართველი და 6 წლის ესპანელი ერთ დონეზეა, მაგრამ ესპანელი სწორად იზრდება, სწორ საფეხბურთო კურსს გადის, ქართველი კი – ვერა. ახლო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა მაქვს ბელგიელ მიშელ საბლონთან, რომელიც უეფას მხრიდან ჩვენი კურატორი და ბელგიის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი გახლდათ. მისი დამსახურებაა, რომ ბელგიამ ასეთი პროგრესი განიცადა ფეხბურთში.

- უფრო ვრცლად მოგვიყევით, როგორ მიაღწიეს ასეთ დონეს. მას შემდეგ, რაც ენცო შიფომ თამაშს თავი დაანება, საშუალო დონის ნაკრები ჰყავდათ, ბოლო ორი-სამი წელი კი...

- 2000-2001 წლებში დაიწყეს ახალ პროგრამაზე მუშაობა, ფეხბურთელთა განვითარების სისტემა აამუშავეს, გვერდში დაუდგათ მთავრობა. იგივე მოხდა გერმანიაში, სადაც 2002 წელს დაიწყო და დღეს სხვაგვარ გერმანიის ნაკრებს ვხედავთ.

- ანუ, უფრო ტექნიკაზე ორიენტირებული, ნაკლებად კუნთმაგარი ფეხბურთელები ჰყავთ.

- დიახ. ამით დამტკიცდა, რომ ფეხბურთი მაინცდამაინც კუნთმაგარი ადამიანების სპორტი არაა. ჩვენთან კი ეს ვერ გავაგებინე ხალხს. ფიზმომზადება, ფიზმომზადება... არაა მხოლოდ ფიზმომზადების ბრალი. გახსნა ვიცით? უბურთოდ თამაში ვიცით? ფეხბურთი 90 წუთს გრძელდება და აქედან სუფთა სათამაშო დროა 60 წუთი. თითოეულ ფეხბურთელს საშუალოდ 2-3 წუთი აქვს ბურთი, დანარჩენი დრო კი მოძრაობაა, უბურთოდ თამაშია. გადაწყვეტილებების მიგჰება ტამასჰის დროს - ეს მნისჰვნელოვანია ამ სჰეზგუდულ დროსა დასივრცესჰი. ბელგიას დავუბრუნდები. ისინი უკვე ფიქრობენ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, გრძელვადიან პროექტს აგრძელებენ. ჩვენ დღეს რომ დავიწყოთ მუშაობა, 2030 წელს უნდა ვნახოთ შედეგი. საჭიროა როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალო და გრძელვადიანი პროექტები.

- საფეხბურთო აკადემიების შექმნაზე ლევან კობიაშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ სწორედ ესაა პრიორიტეტული.

- სხვაგვარად არც გამოვა. სახელმწიფოს დახმარების შემთხვევაში, აკადემიების აშენება რა დაჯდება, ეს დათვლადია. რამდენი აკადემიაა საჭირო, ესეც განსასჯელია, ოღონდ ეს სახელმწიფო პროგრამა უნდა გააკეთონ კომპეტენტურმა ადამიანებმა. მესმის, რომ დიდ თანხას უკავშირდებოდა, მაგრამ ყველამ ვიცით, რამხელა თანხებია დახარჯული ნაკრებების მწვრთნელებში და რა შედგი მოგვცა, ისიც იცით. სახლს სახურავიდან ვერასოდეს ააშენებ, აუცილებლად დაგენგრევა – ეს მე არ მომიგონია. სწორედ ამ აკადემიებით და განათლებული მწვრთნელებით აღვზრდით კარგ ფეხბურთელებს. ასევე საჭიროა მასობრიობის განვითარება. ამდენი წელია, ფლანგის მცველებს ვეძებთ, მერე კი აღარ გვექნება ამის პრობლემები. ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვამბობდი და მანამდეც, რომ საჭიროა გრძელვადიანი პროექტი, რომ შედეგი ჰაერიდან არ მოდის. ქაღალდზე ყველაფერი მაქვს, თუ როგორი უნდა იყოს ეს პროგრამა. საჭიროა მალე ამოქმედება, თორემ გადის წლები და არაფერი ჩანს.

- ის პერიოდი გავიხსენოთ, როცა ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდით. სულ 5 თვე დაჰყავით პოსტზე და ხშირი იყო კრიტიკა თქვენს მიმართ იმის გამო, რომ 17-18 წლის ფეხბურთლებს აწინაურებდით დიდ ნაკრებში. რით გაამართლებდით ამ ინიციატივას?

- ნაკრები კლუბი არაა, ახალგაზრდული სექტორიდან უნდა მოდიოდეს შევსება. ვხედავდი, რომ ნაკრების შემადგენლობა დაბალანსებული არ იყო. ერთ პოზიციაზე თუ ორი-სამი ფეხბურთელი იყო, მეორეზე – სანაკრებო დონის მოთამაშე არ მყავდა. ამიტომაც დავაწინაურე ფეხბურთელები ასაკობრივი ნაკრებებიდან. ნორვეგიამ 15 წლის ედეგორი ათამაშა...

- რატომ ვერ ითამაშეს კარგი ფეხბურთი მაშინდელმა ჭაბუკებმა? ფაქტია, 1988 წელს დაბადებულთა გუნდიდან, რომელსაც თქვენ ზრდიდით, თითქმის ვერავინ ვერ გაამართლა.

- ამ ასაკის გუნდით არაერთი თამაში მოვიგეთ, ელიტრაუნდებში თავისუფლად გავდიოდით და 2005 წელს ლინიანოში ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩემპიონებიც გავხდით. დრო მომეცა? სულ ხუთი თვე ვიმუშავე. 7 მატჩში გავიყვანე ნაკრები და აქედან, 2 მოვიგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ და 3 წავაგეთ. თან, ხელფასი მქონდა 3500 ლარი (აქედან 700 ლარს, დარსაძე მწვრთნელთა განათლებიდან იღებდა -. ი.ნ). იმდენი შეურაცხყოფის ატანა მიწევდა, მტერს არ ვუსურვებ. ყოველგვარ ზომას სცდებოდა. სამართლიანი კრიტიკა ერთია და ლანძღვა როგორი ასატანია? ყოველი მხრიდან მესმოდა ეს.

0.136677