ფეხბურთი

23:57 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

სლოვაკებს ყველაფერი სცოდნიათ
“დინამოს” იარაბეკი ჩაიბარებს, საქართველოს ნაკრებს – გეგუჩაძე

თბილისის “დინამოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. სლოვაკური sport.sme.sk-ს ცნობით, ის ტრნავის “სპარტაკის” ექს-დამრიგებელი იურაი იარაბეკი იქნება, რომელიც საქართველოს მრავალგზის ჩემპიონთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

იარაბეკი თან ყოფილ ასისტენტებს – მილან ივანკას და ბრანისლავ მრაზს იახლებს და თბილისურ კლუბში გია გეგუჩაძეს ჩაანაცვლებს, რომელსაც კახა ცხადაძის ნაცვლად, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დანიშვნას უწინასწარმეტყველებენ.

“დინამოსგან” წინადადება წლის დასაწყისში მივიღე, თბილისში ჩავედი, სიტუაციას დავაკვირდი და შეთანხმებას მალე მივაღწიეთ. “დინამო” დიადი კლუბია სახელოვანი ისტორიით, რომელსაც 1980-81 წლების სეზონში თასების მფლობელთა თასი მოიგო.

როდესაც საქართველოს ვახსენებთ, შესაძლოა, ბევრმა იფიქროს, რომ ეს ქვეყანა ბევრი რამით ჩამოგვრჩება, თუმცა, ფეხბურთის მხრივ ნამდვილად გვისწრებენ. “დინამოს” საოცარი ფინანსური შესაძლებლობები აქვს. კლუბში შინაურ ფეხბურთელებთან ბევრს მუშაობენ და მხოლოდ 1 ლეგიონერი ჰყავთ. დამიჯერეთ, ასეთი პირობები ჩვენს გუნდებს არ აქვთ.

დინამოელთა უწინდელი თავკაცი მუშაობის გაგრძელებას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში აპირებს, ჩემთან კონტაქტზე კი “ზესტაფონის” ყოფილი მენეჯერი გამოვიდა, ამ კლუბს ევროპის ლიგაზე ვეთამაშეთ. მან როდესაც გაიგო, რომ “სპარტაკთან” კონტრაქტი გავწყვიტე, დამიკავშირდა და თანამშრომლობა შემომთავაზა”, - განუცხადა იარაბეკმა “სპარტაკის” ოფიციალურ ტელევიზიას.

იარაბეკის “დინამოში” დანიშვნის გარდა, არანაკლებ საინტერესოა მისი განცხადება საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცის შესახებ. როგორც ირკვევა, გეგუჩაძის ეროვნულ გუნდში დაწინაურება ჯერ კიდევ სამიოდ კვირის წინ ყოფილა ცნობილი. ამ ფონზე ის განცხადება, რომ კახა ცხადაძის პოსტიდან დათხოვნის მიზეზი მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი ხელფასია, არადამაჯერებლად მოსჩანს...

0.114447