სხვა

22:23 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ახალი წესების პროექტი ტრანსგენდერი სპორტსმენებისთვის

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე შეიძლება ამოქმედდეს თამაშებზე ტრანსგენდერი სპორტსმენების დაშვების ახალი წესები. ამ წესების პროექტი საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის მედიცინის კომისიის წევრებმა და მოწვეულმა კვალიფიციურმა ექსპერტებმა შეიმუშავეს.

პროექტის მიზანია დაიხვეწოს და დაზუსტდეს ის პრინციპები, რომლის მიხედვითაც ამ კატეგორიის სპორტსმენებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მნიშვნელოვან საერთაშორისო შეჯიბრებებში, მათ შორის – ოლიმპიურ თამაშებში.

სოკ-ში გამართულ სპეციალურ საკონსენსუსო შეხვედრაზე მიღებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ, რამდენადაც ეს შესძლებელია, ტრანს-სპორტსმენი არ უნდა გაირიყოს დიდი სპორტიდან, ამასთან ყველა მონაწილისთვის გარანტირებული უნდა იყოს სამართლიანი თამაშის წესები.

მთავარი სიახლე ის არის, რომ თუ საბოლოო შეთანხმება შედგა და ახალი რეგულაციები ამოქმედდა, მდედრობითიდან მამრობით სქესზე გადასულთათვის მოიხსნება ყოველგვარი წინაპირობა, რათა მათ შეუზღუდავად იასპარეზონ მამაკაცთა შეჯიბრებებში.

რაც შეეხება იმ ტრანსგენდერ სპორტსმენებს, რომლებიც შესაბმისი ქირურგიული მანიპულაციების შემდეგ ქალთა ტურნირებში გამოსვლას გეგმავენ, შეჯიბრების დაწყებამდე არაუგვიანეს 12 თვით ადრე უნდა დაასაბუთონ, რომ მათ სისხლის შრატში ტესტოსტერონის დონე 10 ნმოლ/L-ზე ნაკლებია.

ახალი წესების განმარტებაში ნათქვამია, რომ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად, როგორც აუცილებელი წინაპირობა, ტრანსგენდერს არ მოეთხოვება ქირურგიული ჩარევის შემდგომი ანატომიური ცვლილებების დადასტურება, რაც ეხმიანება კანონმდებლობის ლიბერალიზაციის თანამედროვე ტენდენციებს ადამიანის უფლებების სფეროში.

ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ შემოთავაზებული სიახლეები ექვემდებარება აქტიურ განხილვას და დახვეწას თანამედროვე სამეცნიერო-სამედიცინო გამოკვლევების გათვალისწინებით და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში მსოფლიო ანტისადოპინგო კოდექსის მოთხოვნებთან და ზოგად საერთაშორისო სტანდარტებთან.

არ არის გამორიცხული, რომ ამ თემაზე იმსჯელონ სოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 2016 წლის 1-3 მარტს ლოზანაში გაიმართება.

www.geonoc.org.ge

0.106032