დღეს ქუთაისმა კალათბურთში საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ადგილობრივი ,,ქუთაისი 2010’’ ,,რუსთავს’’ შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვემოქართლელებს ბევრად უფრო ტიტულოვანი გუნდი ჰყავთ, ფავორიტად მაინც იმერლები ითვლებოდნენ.
მიმდინარე სეზონში ,,ქუთაისი 2010“-მა ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალი მოიგო, ხოლო 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში ორი წრის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება. რაც შეეხებათ რუსთაველებს, ჯერჯერობით ცუდად გამოიყურებიან და ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოსწინა მეშვიდე ადგილზე არიან.
პროგნოზის საპირისპიროდ, ,,რუსთავმა“ მეტოქის დამარცხება (71:66) შესძლო და ,,სოხუმის“ შემდეგ მეორე გუნდია, რომელმაც ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
დღევანდელი შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, რამაც შედეგი გამოიღო და მათ პირველი მეოთხედი ექვსი ქულის სხვაობით 23:17 მოიგეს. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურდნენ და მეორე ტაიმის დასრულებამდე, ანგარიში გაათანაბრეს - 33:33.
რუსთაველთა შორის განსაკუთრებით კაელ ტურპინი (აშშ) და ნიკოლა გაჩეშა (სერბეთი) აქტიურობდნენ. ,,რუსთავმა“ კიდევ რამდენჯერმე შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ წინ გასვლას ვერ ახერხებდა. რამაზ გოგობერიშვილის შეგირდები პირველად მესამე მეოთხედის მეექვსე წუთზე დაწინაურდნენ (43:41) და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. იყო მომენტი, როცა მათმა უპირატესობამ 11 ქულასაც კი მიაღწია - 58:47.
თამაშის მიწურილს ,,ქუთაისი 2010“-მა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა და ანგარიშის სხვაობა 2 ქულამდე შეამცირა - 64:66, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო და სარბიელი დამარცხებულმა დატოვა.
მატჩის გმირი ,,რუსთავის“ ამერიკელი ცენტრალური თავდამსხმელი კაელ ტურპინი გახდა, რომელმაც 26 ქულითა და 13 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა და გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა.
მასპინძელთა შორის ყველაზე მეტი - 12 ქულა უკანახაზელმა გოგა ცეკვავამ დააგროვა.
,,ქუთაისი 2010“- ,,რუსთავი“ 66:71 (23:17, 14:19, 10:20, 19:15)