გუშინ ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ვაჟთა ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩების პირველი შეხვედრები გაიმართა.
დავით ჯოჯუას და თორნიკე სანიკიძის ფინალურ დაპირისპირებაში, მეტოქეებმა თავი აარიდეს გართულებებს და დიდი დავიდარაბის გარეშე, პარტია ფრედ დაასრულეს. მომდევნო შეხვედრაში თეთრი ფიგურებით სანიკიძე ითამაშებს.
მესამე ადგილისათვის შეხვედრა მერაბ გაგუნაშვილსა და ლელა ჯავახიშვილს შორის თავიდან თანაბარი დინებით მიდიოდა, თუმცა პრაქტიკულად თანაბარ ენდშპილში ძლიერი სქესის წარმომადგენელმა მეტოქე გადაითამაშა და გამარჯვება მოიპოვა. დღევანდელ პარტიაში გაგუნაშვილს ყაიმიც ყოფნის მინი-მატჩის მოსაგებად.