სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

17:20 | 25.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: "ლევან, შეცდი"!
"ნაკრებს ჩემი ნებით არ დავტოვებ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მას ლევან კობიაშვილისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს სამომავლო წარმატებებთან ერთად ურჩია, მეტჯერ მსგავსი შეცდომები აღარ დაეშვას. ცხადაძემ დღის უმთავრეს კითხვას, დატოვებს თუ არა იგი ნაკრების თავკაცის პოსტს, ცალსახად უპასუხა, რომ არა და ყველაფერს იურისტები გაარკვევენო...

"პირველ ყოვლისა მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, რომ ასეთი სიტუაცია შეიქმნა. ჩემთვის მიუღებელია იმ ფორმით საუბარი, რითაც ლევან კობიაშვილმა ისაუბრა. მე მისთვის პირადი შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია და მაინც, თუ ასე იყო, შემიძლია მას ბოდიში საჯაროდ მოვუხადო. სფფ-ის პრეზიდენტს კი ვეტყოდი: ლევან, შენ ბევრი წააგე. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბევრად უფროსი ვარ და ასეთი საუბარი, ერთმანეთზე რაც უნდა ნაწყენი ვიყოთ ლამაზი არაა.

ლევანმა საუბრის ასეთი მეთოდი აირჩია და გადაწყვეტილება მიიღო, მე კი პასუხის გაცემას არ ვაპირებ. უბრალოდ, მომავალში წარმატებებს ვუსურვებ და ამასთან მინდა, მსგავსი შეცდომები აღარ დაუშვას.

კონტრაქტის პირობები და დაპირისპირება

ჩემი კონტრაქტი გათვლილია დოლარში ან შესაბამის ლარის ექვივალენტში. 2005 წლიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელთან შედარებით დაბალ ხელფასს ვიღებდი 700-800 ათასით, თუმცა მე ამ პირობებზე დავთანხმდი. გარდა ამისა, ხელფასის 10 ათასით დაკლებაზე თანახმა ვიყავი. ანუ, თვეში ჩემი გასამრჯელო 30 ათასი დოლარი გამოვიდოდა. პლიუს ჩამოვიყვანე ანლიტიკოსი აზერბაიჯანიდან, რომელსაც ჩემივე ხელფასიდან თვეში 1000 დოლარს ვუხდიდი, რადგან მიმაჩნდა, რომ ის ადამიანი საქმეს აკეთებდა. სხვათა შორის, ეს, ის თანხაა, რომელსაც ბაქოს "ინტერში" ვიღებდი 2 წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ბონუსებს, მე ასე მესმის, რომ პრემია არის ის, როცა ხელფასის გარდა წახალისების მიზნით კიდევ დაუმატო გარკვეული ოდენობის თანხა.

ნაკრების მთავარ მწვრთნელის პოსტიდან ჩემი ნებით არ გადავდგები და ამის გაკეთებას არც ვაპირებ. ყველა დეტალს და სადაო საკითხს იურისტები გაარკვევენ და ამ სიტუაციაში მართალი ვინ არის გაირკვევა.

კახა კალაძესთან ამ თემაზე არ მისაუბრია, რადგან არ მიმაჩნია სწორად მისი ჩარევა. კი, მართალია, უდიდესი ფეხბურთელი იყო და ნაკრებს წლების განმავლობაში კაპიტნობდა, მაგრამ ახლა მას სხვა საქმეები აქვს.

ცხადაძე - კობიაშვილი: შეხვედრა 4

I შეხვედრა - პირველად ამ თემაზე კობიაშვილთან საუბარი დავით პეტრიაშვილის დასაფლავების დღეს მომიწია. მაშინ ლევანმა მითხრა, რომ ხელფასი 50%-ით უნდა დამეკლო, მაგრამ ამაზე ვუპასუხე, რომ ვერ შევთანხმდებოდით.

II შეხვედრა - მეორე შეხვედრისას მე ჩემივე გადაწყვეტილებით დავთანხმდი 25%-ით შემცირებაზე და მან კი მიპასუხა, რომ თუ ვერ შევთანხმდებოდით, დამითხოვდა და 1 თვის კომპენსაციას მომცემდა.

III შეხვედრა - ჩვენივე პოზიციებზე დავრჩით, რის შემდგომაც ისევ გამიმეორა, დაგითხოვთო.

IV შეხვერდა - ბოლოს მან მითხრა, რომ ჩემს ხელფასზე თანახმა არიან, მაგრამ ჩემს სამწვრთნელო შტაბზე მოიფიქრებდნენ და მერე დაგიკავშირდებითო, რაზეც მე უარი ვუთხარი. სად გაგონილა, მწვრთნელი თავის შტაბს ასე ექცეოდეს?..

სხვა მიზეზი, სხვა რეალობა

ჩემი აზრით, ფინანსური საკითხები თითიდან გამოწოვილი თემაა და პრობლემა რეალურად სხვა რამეა. კარგად რომ დავფიქრდი, მივხვდი, ფული არაფერ შუაში იყო. იგი ჯერ კიდევ არჩევნებამდე ამბობდა, რომ ვინც არ უნდა იყოს სფფ-ის პრეზიდენტი ცხადაძე მწვრთნელად უნდა დარჩესო. მერე უკვე, პრეზიდენტობისას გაიმეორა იგივე, კახასთან და მის სამწვრთნელო შტაბთან არანაირი პრეტენზია არ გაგვაჩნიაო. გუშინ კი თქვა, ნაკრები მე-5 ადგილზე გავიდა და ფედერაციას შეუძლია არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობა მწვრთნელს დაატოვებინოსო.

მე ასეთი დასკვნა გამოვიტანე: არ სჭირდებათ ცხადაძე და სჭირდებათ სხვა...

ქართველი ხალხი და დაპირება...

აქ ჩემი მიზნით მოვედი და ხალხს დავპირდი, რომ ნაკრებს 2018 წლის შესარჩევ ციკლში მესამე ადგილზე გავიყვანდი. ეს წილისყრამდე იყო, ხოლო კენჭისყრის შემდეგ, ჩვენი ჯგუფიდან გამომდინარე მიზანი შეიცვალა და ვამბობ, რომ პლეი-ოფის საგზურისთვის ბრძოლაც შესაძლებელია. ეს დაპირება ძალაში რჩება თუ საშუალება ახლა მომეცემა, თუ არადა, ალბათ მოვა სხვა დრო და მაშინ ავასრულებ. ავისრულებ იმ ოცნებას, რომელიც ფეხბურთელობისას ჩემი ნაკრების შემადგენლობაში ვერ ავისრულე, თორემ სხვა ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები მაქვს.

მიმართვა ფეხბურთელებს

სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს იმ ამბავს, თითქოს მე ნაკრების ფეხბურთელებს დავურეკე და მხარდაჭერა ვთხოვე. უბრალოდ, მათ თავიანთი სურვილით გამოხატეს პოზიცია და აღნიშნეს, რომ ნაკრებში ასეთი ერთიანი და მებრძოლი სულისკვითება დიდი ხანია არ ყოფილა. მინდა მივმართო საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს:

ბიჭებო, ამ სიტუაციაში ნუღარ ჩაერევით. ნაკრები არის ხალხის, არის თქვენი და არა ცხადაძის ან კობიაშვილის. თქვენ მხოლოდ და მხოლოდ ნაკრებში თამაშზე უნდა იფიქროთ და ამ თემაზე სასაუბრო აღარ გაქვთ.

ნინო ხაბაძის ფოტო-ვიდეომასალა

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.123497