ევროპის ჩემპიონთა თასისთვის ბრძოლას ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ხუთი ინგლისური და სამი ფრანგული კლუბი შემორჩა. სასიხარულოა, რომ სამივე ფრანგული გუნდი ქართველი ლეგიონერებისაა, მაგრამ ერთი წყვილი სწორედ ფრანგებმა შეადგინეს და ნახევარფინალში სამივე მათგანის გასვლა აქედანვე გამოირიცხა.
ჯგუფური ეტაპის დასკვნითი ტურის წინ, ცხადი იყო, რომ პირველი ჯგუფიდან ქართველი ლეგიონერების გუნდები პლეი ოფში ვერ გავიდოდნენ. მაგრამ აქ ქართველებისთვის კიდევ ერთი სასიამოვნო ამბავი მოხდა - გიორგი ვეფხვაძე, რომელსაც “ოიონაქსის” პირველი გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ერთი კვირის წინ ჰქონდა, ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.
მისი გუნდი ირლანდიაში “ოლსტერთან” 3:56 შერცხვა. ირლანდიელებმა პირველ ტაიმში 4 და მეორე ნახევრის საწყის 20 წუთში კიდევ 4 ლელო გაიტანეს, დასკვნითი 20 წუთი კი, უინტერესო გამოდგა. ვეფხვაძემ 40 წუთში 6-ჯერ მიიღო ბურთი და ჯამში 2 მეტრი წაიწია. მის ანგარიშზე 1 პასი და 4 ბოჭვაა, ერთხელ თერნოვერი მოიგო და ერთხელ დაჯარიმდა.
ამავე ჯგუფში ვასილ კაკოვინის “ტულუზმა” ინგლისურ “სარასენსს” უმასპინძლა და 17:28 დამარცხდა. ქართველი ბურჯი განაცხადში არ იყო.
მეორე ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი ჰქონდა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონს”, მაგრამ საკუთარ მოედანზე “ბორდოსთან”28:37 დამარცხდა და საბოლოოდ ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა. ორივე გუნდმა 4-4 ლელო გაიტანა და პრემიალური ქულები ჩაიწერეს, “კლერმონს” ერთი ჯარიმაც რომ გაეტანა, 7-ქულაზე ნაკლები სხვაობით მარცხისთვის მეორე პრემიალურ ქულასაც აიღებდა და ასეთ შემთხვევაში ჯგუფში ოთხივე გუნდს 16-16 ქულა დაუგროვდებოდა. რადგან “ვულკანებს” სხვებთან შედარებით უკეთესი გატანილ-გაშვებული ქულების ბალანსი ჰქონდათ, მეოთხედფინალში ისინი გავიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ზირაქაშვილი ტრავმირებულია, ხოლო კოლელიშვილი დისკვალიფიკაციას იხდის და ისინი განაცხადში არ იყვნენ.
მესამე ჯგუფში ქართული დერბი შედგა და შალვა მამუკაშვილის “გლაზგო უორიორსმა” დავით ხინჩაგიშვილის “რასინგი” 22:5 დაამარცხა. თამაშს 9 ათასი მაყურებელი დაესწრო, მამუკაშვილი გლაზგოელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 57 წუთი ითამაშა. მისი შეცვლისას მასპინძლები 13:0 იგებდნენ. ხინჩაგიშვილი შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა.
მამუკაშვილი ბურთი 6-ჯერ მიიღო, 1 პასი გააკეთა და ჯამში 2 მეტრი იარა, მის ანგარიშზე 6 ბოჭვაა, დერეფანში კი, ბურთი 8-ჯერ ააგდო და ყველა შემთხვევაში ის შოტლანდიელების ნადავლი გახდა. პარიზელებმა ლელო 66-ე წუთზე გაიტანეს და მის ავტორთან დაკავშირებით ერთსულოვნება არაა. გამოცემების ნაწილი, მათ შორის ტურნირის ოფიციალური საიტი მიიჩნევს, რომ ბოლო მომენტში ბურთს ხინჩაგიშვილი აკონტროლებდა, თუმცა ამის დანამდვილებით ნახვა ვიდეო-მიმოხილვაშიც რთულია. ქართველმა ვეტერანმა ბურჯმა ბურთით 2-ჯერ შეუტია და 5 მეტრი გაიარა. მის ანგარიშზე 7 ბოჭვაა. რაც მთავარია, რასინგი ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალშია.
სამიდან ერთ-ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა კიდევ ერთი პარიზული კლუბი, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე”, რომელმაც მეოთხე ჯგუფის დასკვნით მატჩში ჯგუფის ლიდერი, “ლესტერ თაიგერსი” 36:21 დაამარცხა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. სამწუხაროდ, პარიზელებმა ეს ქართველი ლეგიონერების გარეშე მოახერხეს და მეოთხედფინალში იმავე “ლესტერ თაიგერსს”, ინგლისში შეხვდებიან.
მეხუთე ჯგუფში მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას “ტულონმა”, ინგლისში “ბათი” დაძაბულ ბრძოლაში 19:14 დაამარცხა, მაგრამ ჯგუფის კიდევ ერთმა ინგლისურმა გუნდმა “უოსპსმა” “ლენსტერს” პრემიალური ქულაც აართვა (51:10), შედეგად, ორივე კლუბს 20-20 ქულა დაუგროვდა და დამატებითი მაჩვენებლებით ინგლისელები პირველ, ხოლო ფრანგები მეორე ადგილზე გავიდნენ. შედეგად, ტულონელებს ნახევარფინალში ფრანგული დერბი ელით “რასინგთან”.
ჩილაჩავამ პირველიდან 50-ე წუთამდე ითამაშა და ღია თამაში მაინცდამაინც ვერ წაუვიდა. გორგოძე მოედანზე 50-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც “ტულონი” 11:14 ჩამორჩა, ტრადიციულად აქტიურობდა შეტევაში და 6 შეტევით ჯამში 13 მეტრი იარა, 3 ბოჭვა შეასრულა და ერთხელ თერნოვერი მოიგო. ფრანგებმა გადამწყვეტი ლელო 57-ე წუთზე გაიტანეს, ბოლოს კი, უპირატესობა ჯარიმით გაზარდეს. ერთი ხანობა მათ პრემიაზე სცადეს თამაში, მაგრამ ლელოების გატანა არ გამოუვიდათ.
2015/2016 წლის ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასი. VI ტური
I ჯგუფი
ოლსტერი (ირლანდია) - ოიონაქსი (საფრანგეთი) 56:3
ტულუზი (საფრანგეთი) - სარასენსი (ინგლისი) 17:28
1. | სარასენსი (ინგლისი) | 6 | 6 | 0 | 0 | 220:73 | 28 | |
2. | ოლსტერი (ირლანდია) | 6 | 4 | 0 | 2 | 169:109 | 18 | |
3. | ოიონაქსი (საფრანგეთი) | 6 | 1 | 0 | 5 | 99:218 | 7 | |
4. | ტულუზი (საფრანგეთი) | 6 | 1 | 0 | 5 | 85:173 | 5 |
II ჯგუფი
ექსეტერი (ინგლისი) - ოსპრეიზი (უელსი) 33:17
კლერმონი (საფრანგეთი) - ბორდო (საფრანგეთი) 28:37
1. | ექსეტერი (ინგლისი) | 6 | 3 | 0 | 3 | 148:151 | 16 | |
2. | ოსპრეიზი (უელსი) | 6 | 3 | 0 | 3 | 138:142 | 16 | |
3. | ბორდო (საფრანგეთი) | 6 | 3 | 0 | 3 | 149:163 | 16 | |
4. | კლერმონი (საფრანგეთი) | 6 | 3 | 0 | 3 | 159:138 | 15 |
III ჯგუფი
გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) - რასინგი (საფრანგეთი) 22:5
სკარლეტსი (უელსი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი) 10:22
1. | რასინგი 92 (საფრანგეთი) | 6 | 4 | 1 | 1 | 174:70 | 22 | |
2. | ნორთჰემპტონი (ინგლისი) | 6 | 4 | 1 | 1 | 94:93 | 19 | |
3. | გლაზგო უორიორსი (შოტლანდია) | 6 | 3 | 0 | 3 | 114:96 | 14 | |
4. | სკარლეტსი (უელსი) | 6 | 0 | 0 | 6 | 59:182 | 2 |
IV ჯგუფი
ბენეტონ ტრევიზო (იტალია) - მანსტერი (ირლანდია) 5:28
სტად ფრანსე (საფრანგეთი) - ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) 36:21
1. | ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) | 6 | 5 | 0 | 1 | 185:91 | 23 | |
2. | სტად ფრანსე (საფრანგეთი) | 6 | 4 | 0 | 2 | 186:118 | 19 | |
3. | მანსტერი (ირლანდია) | 6 | 3 | 0 | 3 | 118:100 | 15 | |
4. | ბენეტონ ტრევიზო (იტალია) | 6 | 0 | 0 | 6 | 53:233 | 0 |
V ჯგუფი
ბათი (ინგლისი) - ტულონი (საფრანგეთი) 14:19
უოსპსი (ინგლისი) - ლენსტერი (ირლანდია) 51:10
1. | უოსპსი (ინგლისი) | 6 | 4 | 0 | 2 | 186:72 | 20 | |
2. | ტულონი (საფრანგეთი) | 6 | 5 | 0 | 1 | 96:91 | 20 | |
3. | ბათი (ინგლისი) | 6 | 2 | 0 | 4 | 88:131 | 10 | |
4. | ლენსტერი (ირლანდია) | 6 | 1 | 0 | 5 | 82:158 | 6 |
მეოთხედფინალები. 8-10 აპრილი
ლესტერ თაიგერსი (ინგლისი) - სტად ფრანსე (საფრანგეთი)
რასინგი (საფრანგეთი) - ტულონი (საფრანგეთი)
სარასენსი (ინგლისი) - ნორთჰემპტონი (ინგლისი)
უოსპსი (ინგლისი) - ექსეტერი (ინგლისი)