რიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშები ახლოვდება და ძიუდოს ქართველი გულშემატკივარიც სულმოუთქმელად ელის სპორტულ სამყაროში ოთხწლეულის უპირველეს მოვლენას, ძიუდო ხომ ის სახეობაა, რომლის წარმომადგენლებიც როგორც წესი ყველაზე ხშირად გვახარებენ უმაღლესი სინჯის მედლებით.
ოლიმპიურ თამაშებზე მოსახვედრად პირად თუ გუნდურ სახეობებში, ყველგან საკვალიფიკაციო ეტაპის გავლაა საჭირო. ასევეა ძიუდოშიც და რადგან აქ ოდნავ განსხვავებული სისტემაა, მოდით დეტალურად განვიხილოთ , თუ რა გზა უნდა გაიაროს თითოეულმა სპორტსმენმა რიოს საგზურის მისაღებად.
თავდაპირველად ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ( IJF ) მიერ დადგენილ კონცეფციას გავეცნოთ, ბოლოს კი ქართველი მოჭიდავეების მაგალითზე კონკრეტულ ციფრებს შემოგთავაზებთ.
მას შემდეგ რაც 2016 წლის 30 მაისს გამოქვეყნდება IJF-ის ოფიციალური რეიტინგი, ვაჟებში შვიდივე კატეგორიაში ( 60, 66, 73, 81, 90, 100 და +100 კგ ) პირველ 22 ადგილზე მყოფი სპორტსმენები პირდაპირ მიიღებენ რიოს ლიცენზიას.
რადგან ოლიმპიური თამაშების პრინციპიდან გამომდინარე ყველა ქვეყანას თითოეულ წონაში მხოლოდ ერთი ძიუდოისტის წარდგენა შეუძლია, ბუნებრივია ბრაზილიაში წამსვლელთა სიაში შეიძლება მოხვდეს რეიტინგის 30-ე ან მე-40 ნომერიც კი.
ეს იმ შემთხვევაში, თუკი მის წინ რეიტინგში მყოფი მოჭიდავეები ერთი და იმავე ქვეყნიდან იქნებიან წარმოდგენილი. ასე მაგალითად: თუ პირველ 22 კაცში წონაში ვთქვათ 3 იაპონელი იქნა, მათგან საგზურს მიიღებს მხოლოდ ერთი. დანარჩენი ორის ადგილს კი რეიტინგის 23-ე და 24-ე ნომრები დაიკავებენ სხვა ქვეყნებიდან და ასე შემდეგ.
რეიტინგის საუკეთესოებში ერთი ქვეყნიდან რამდენიმე კაცის მოხვედრის შემთხვევაში , მათი ოლიმპიადაზე გამგზავრების ბედს იმ კონკრეტული ქვეყნის ეროვნული ფედერაცია წყვეტს და მხოლოდ მას გამოაქვს ვერდიქტი, თუ ვის ანდოს ქვეყნის პრესტიჟის დაცვა.
მოკლედ 7 წონით კატეგორიაში 22-22 სპორტსმენი სხვადასხვა ქვეყნიდან პირდაპირ რიოშია. ანუ სულ 7X22=154 ვაჟი.
ამათ დაემატებიან ეგრედ წოდებული რეგიონალური კვოტის მფლობელები.
ევროპიდან 14, აფრიკიდან 14, აზიიდან 12, ოკეანეთიდან 7 და ამერიკის კონტინენტიდან 13 ძიუდოისტი. სულ 60 ვაჟი. ოღონდ აქ ერთი პირობაა - თითოეულ წონაში ყოველი კონტინენტიდან მოხვდება არაუმეტეს ორი რეგიონალური კვოტის მფლობელი.
ანუ ვთქვათ, ევროპული 14 ადგილიდან ერთბაშად 3 ან მეტი ადამიანი ვერ იჭიდავებს ვთქვათ 60 კგ-ში.
154 პირდაპირ კვალიფიცირებულს და 60-ს რეგიონალური კვოტიდან კიდევ ემატებიან ველური ბარათით დასაჩუქრებული მოჭიდავეები. ამ ბედნიერთა რაოდენობა ათია.
და ბოლოს მასპინძელი ქვეყნის, ბრაზილიის წარმომადგენელი 7 ვაჟი, თითო ყოველ წონაში.
სულ ჯამში რიოში შვიდივე წონით კატეგორიაში 231 მამაკაცი იასპარეზებს.
თუ დავუშვათ, რომელიმე ათლეტმა ( არ აქვს მნიშვნელობა პირველი 22-დან იქნება ის თუ რეგიონალური კვოტიდან ) უარი განაცხადა ან ვერ შეძლო ოლიმპიადაზე გამგზავრება, მას იგივე ქვეყნის ურეიტინგო თანამემამულე ვერ შეცვლის.
ვაკანტურ ადგილს დაიკავებს ამოვარდნილი სპორტსმენის შემდგომ ადგილზე მყოფი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი.
დაახლოებით იგივე პრინციპი მოქმედებს ქალებშიც: შვიდივე წონით კატეგორიაში ( 48, 52, 57, 63, 70, 78 და +78 კგ ) რეიტინგის პირველ 14 ადგილზე მყოფი გოგონა პირდაპირ მიიღებს რიოს საგზურს.
ანუ სულ 7X14=98 ქალი.
ამათ დაემატებიან რეგიონალური კვოტის მფლობელები-ევროპიდან 11, აფრიკიდან 10, აზიიდან 8, ოკეანეთიდან 3 და ამერიკის კონტინენტიდან 8 ძიუდოისტი. სულ 40 გოგონა.
შემდეგ კიდევ 10 ველური ბარათის იღბლიანი მფლობელი და 7 გოგონაც მასპინძელი ბრაზილიიდან.
სულ რიოში 155 სუსტი სქესის წარმომადგენელი გაემგზავრება.
ამრიგად 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდო სულ წარმოდგენილი იქნება 386 სპორტსმენით. საიდანაც 231 ვაჟი და 155 გოგონა იქნება.
თუმცა ხანდახან IJF სასიამოვნო გამონაკლისს უშვებს ხოლმე და სხვადასხვა დამსახურებების გამო საჩუქრად გამოჰყოფს დამატებით ერთ ან ორ ადგილს.
მაგალითად ლონდონში წინა ოლიმპიადაზე 387-მა ძიუდოისტმა მიიღო მონაწილეობა.
და კიდევ ერთი: საერთაშორისო ფედერაციის მიერ გაცემული 20 ველური ბარათის გადანაწილება ზუსტად არ არის განსაზღვრული. ვაჟებზე და გოგონებზე ისინი შეიძლება თანაბრად გადაანაწილონ, შეიძლება არა.
ამის მიხედვით ზემოდ ხსენებული საერთო რაოდენობები ( 231 და 155 ) შეიძლება მცირედით შეიცვალოს.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ახლა თვითონ რეიტინგზეც ვთქვათ:
მას შემდეგ, რაც რუმინელი მარიუს ვიზერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, 2007 წლიდან მან დანერგა ტურნირთა იერარქიული სისტემა. მხოლოდ ამ პრესტიჟულობის მიხედვით დაყოფილ ტურნირებზე მონაწილეობა იძლევა რეიტინგში ჩასათვლელი ქულების მოპოვების შანსს.
- ოლიმპიური თამაშები: გამარჯვება 1000 ქულა; II-ადგილი 600; III-400; V-200; VII-160 ქულა
- მსოფლიოს ჩემპიონატი: I-900; II-540; III-360; V-180; VII-144 ქულა
- მასტერსი: I-700; II-420; III-280; V-140; VII-112 ქულა
- გრან სლემი: I-500; II-300; III-200; V-100; VII-80 ქულა
- კონტინენტის ჩემპიონატი: I-400; II-240; III-160; V-80; VII-64 ქულა
- გრან პრი: I-300; II-180; III-120; V-60; VII-48 ქულა
- კონტინენტური ღია თასი: I-100; II-60; III-40; V-20; VII-16 ქულა
საგულისხმოა, რომ სპორტსმენებს ასეთ ტურნირებზე თუნდაც ერთი მოგებისთვისაც ერიცხებათ გარკვეული რაოდებობის ქულები და ზოგ შემთხვევაში ( ოლიმპიადის და მასტერსის გარდა ) უბრალოდ მონაწილეობითაც შეუძლიათ 2 ქულით შეავსონ თავიანთი სარეიტინგო ყულაბა.
რეიტინგში ქულები შემდეგი პრინციპით ირიცხება: მხედველობაში მიიღება დროის კონკრეტული მონაკვეთიდან ბოლო ორი წლის განმავლობაში გამომუშავებული შედეგებიდან ხუთი საუკეთესო, უმაღლესი ქულა, პლუს ერთი მეექვსე ბონუს რეზულტატი. ბონუსში ითვლება მხოლოდ მასტერსზე ან კონტინენტის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი.
ამასთან, ბოლო თორმეტი თვის განმავლობაში მოპოვებული ქულები 100 %-ით აისახება რეიტინგში, ხოლო იმის წინა 12 თვიანი პერიოდის ქულები კი ნახევრდება. ორი წლის გასვლის შემდეგ სპორტსმენს ძველი ქულები საერთოდ უუქმდება.
მაგრამ IJF საოლიმპიადოდ ამ რეიტინგებით ხომ არ ხელმძღვანელობს?
ხშირად ისმის კითხვა, რა არის ეს საოლიმპიადო რეიტინგი, რატომ არის, რომ მასში ასახული ქულები არ ემთხვევა ძირითადი რეიტინგის ქულებს, ან როგორ დგება საერთოდ ეს ოლიმპიური რეიტინგი ?
პასუხი მარტივია - ოლიმპიადისთვის ცალკე რეიტინგი დგება და მისი ათვლა იწყება კონკრეტული თარიღიდან.
რიოს შემთხვევაში ეს თარიღია 2014 წლის 30 მაისი.
ძიუდოისტებს ამ ორწლიან მარათონში ეთვლებათ თითოეულ წელს ნაჩვენები ხუთი პლუს ერთი ( მეექვსე - მასტერსის ანდა კონტინენტის ჩემპიონატის ) საუკეთესო შედეგი.
ამასთან გასათვალისწინებელია, რომ 2014 წლის 30 მაისიდან 2015 წლის 30 მაისამდე მოპოვებული ქულები ნახევრდება, ხოლო 2015 წლის 30 მაისის შემდეგ ნაჩვენები შედეგები 100 %-ით აისახება რეიტინგში.
გამონაკლისია მხოლოდ 2015 წლის ბაქოს ევროპული თამაშები, რომელიც მართალია ივნისში ჩატარდა, მაგრამ ვინაიდან თავდაპირველად ევროპის ჩემპიონატის გამართვა ბრიტანეთში აპრილში იყო დაგეგმილი, ეს თამაშები წინა ჩასათვლელ პერიოდს მიაკუთვნეს და იქ მოპოვებული ქულები სპორტსმენებს გაუნახევრეს.
უნდა ითქვას ისიც, რომ 2016 წლის 30 მაისს, როდესაც ორწლიანი ქულათა ათვლის ციკლი დამთავრდება, IJF-ის ოფიციალური რეიტინგი და საოლიმპიადე რეიტინგი იმ მომენტისთვის ერთმანეთს დაემთხვევა და ერთმანეთის სრული ასლი იქნება.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ახლა კონკრეტულად 60 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჩვენი ამირან პაპინაშვილის მაგალითზე განვიხილოთ ქულების დარიცხვის სისტემა პრაქტიკაში.
ამირანმა 2014 წლის ივნისში ჰავანის გრან პრი მოიგო 300X50%=150 ქულა
იქედან ორი კვირის თავზე ბუდაპეშტის გრან პრის ფინალში იასპარეზა 180X50%=90 ქულა
იმავე წელს ჩელიაბინსკში მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი აიღო 360X50%=180 ქულა
2015 წლის მაისის დასაწყისში ბაქოს გრან სლემზე მე-5 ადგილი დაიკავა 100X50%=50 ქულა
23 მაისს კი მაროკოს მასტერსზე გაიმეორა იგივე შედეგი 140X50%=70 ქულა
ივნისში ბაქოს ევროპულ თამაშებზე მე-3 ადგილი 160X50%=80 ქულა
ამის შემდეგ მოდის ქართველის მიერ ნაჩვენები სამი 100 %-იანი რეიტინგში ჩასათვლელი შედეგი:
2015 წლის აგვისტოში მსოფლიოს ჩემპიონატზე 16 კაცში მოხვედრა - 108 ქულა
ოქტომბერში აბუ დაბის გრან სლემში გამარჯვებისთვის 500 ქულა
და ბოლოს ძიგორო კანოს ტურნირზე 16 კაცში მოხვედრა - 60 ქულა.
სულ სადღეისოდ ამირან პაპინაშვილის ანგარიშზე 1288 ქულაა. ის საოლიმპიადო რეიტინგში მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა და თითქმის 900 ქულით უსწრებს საკვალიფიკაციო ზონაში ბოლო ადგილზე მყოფ არშანსკის, ვინც თავის მხრივ სულ რაღაც 16 ქულით უსწრებს 60 კგ-ის ჩვენს მეორე ფალავანს-ლუხუმ ჩხვიმიანს.
ლუხუმს ნებისმიერ ტურნირზე მცირედი წარმატებაც ეყოფა რომ ჩასათვლელ რეიტინგში მოხვდეს და ღმერთმა ნუ ქნას, პაპინაშვილის დაშავების შემთხვევაში თავად დაიკავოს გამოთავისუფლებული ადგილი.
ასევე ძალიან კარგად გვაქვს საქმე და საკვალიფიკაციო ზონაში ორ-ორი სპორტსმენით ვართ წარმოდგენილი კიდევ ოთხ წონაში.
73 კგ-ში ნუგზარ ტატალაშვილს 998 ქულა აქვს და მეათე ადგილზეა. 889 ქულით მე-13 ადგილს იკავებს ლაშა შავდათუაშვილი.
შედარებისთვის 22-ე ადგილზე მყოფ ესპანელ უემაცუს 412 ქულა აქვს.
81 კგ-ში ავთანდილ ჭრიკიშვილი 1810 ქულა, მეორე ადგილი. უშანგი მარგიანი 602 ქულით 21-ე ადგილი. ბოლო კვალიფიცირებულ ირანელ მოლაეის 456 ქულა აქვს.
90 კგ-ში ვარლამ ლიპარტელიანი მეოთხე ადგილზეა 1592 ქულით. მეათე ადგილზე მყოფ ბექა ღვინიაშვილს 990 ქულა აქვს. აზერბაიჯანელი მეჰდიევი 459 ქულით ბოლო ადგილიდან ხვდება ოლიმპიადაზე
+100 კგ-ში ასეთი ვითარებაა: ადამ ოქრუაშვილი 976 ქულით მერვე ადგილი. ხოლო ლევან მატიაშვილი 794 ქულით მე-14 ადგილს იკავებს. აქ 372 ქულის მფლობელი კუბელი ფალავანია კვალიფიკაციის ბოლო საფეხურზე.
ჩვენთვის საპრობლემო წონებსაც მივადექით. გასულ უქმეებზე ჰავანის გრან პრიზე ნაჩვენები მესამე ადგილით საგრძნობლად დაწინაურდა 66 კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი. მას ამ მომენტისთვის 480 სარეიტინგო ქულა აქვს და უკვე იკავებს ადგილს საოლიმპიადე ზონაში, თუმცა ამ შედეგს მომავალ ტურნირებზე გამყარება დასჭირდება.
მარგველაშვილის შემდეგ ქართველთაგან საუკეთესო შედეგი თორნიკე თათარაშვილს აქვს- 143 ქულა. ვისაც ალბათ ძალიან გაუჭირდება ლიცენზიანტებთან მიახლოვება.
გაცილებით მძიმე ვითარებაა 100 კგ წონით კატეგორიაში. აქ ჩვენგან საუკეთესო ალექსანდრე მსხალაძეა 402 ქულით, ვინც სამწუხაროდ რეგიონალურ კვოტაშიც ვერ შედის. ვითარება დიდად ვერც ჩავლილმა ჰავანის გრან პრიმ შეცვალა.
თუმცა ძალიან დიდი იმედი გვაქვს ორი ახალგაზრდა ფალავნის. გურამ თუშიშვილის ( 140 ქულა ) და ბექა ღვინიაშვილის ( 100 ქულა ). ეს უკანასკნელი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ალბათ 2016 წლის ოლიმპიადის გამოტოვებას ვერ შეეგუება და 100 კგ-ში ბოლომდე შეეცდება რიოს საგზურის მოპოვებას.
ჩვენი მოკრძალებული აზრით, ალბათ მაინც აჯობებს ბექა არ გადაიტვირთოს და ისევ თავის წონას დაუბრუნდეს. ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და მთელი კარიერა წინ აქვს. თუმცა ყველაფერი მაინც პირადად სპორტსმენის და მწვრთნელების გადასაწყვეტია.
გოგონებში მხოლოდ ორი შანსი გვაქვს რიოში ჩვენი წარმომადგენელი გავაგზავნოთ. 70 კგ-ის ფალავანს, ნატურალიზირებულ ესტერ სტამს ამ მომენტისთვის 695 ქულა აქვს და 75 ქულით ჩამორჩება ბოლო საკვალიფიკაციო ადგილის მფლობელ მაროკოელ ძიუდოისტს.
სამაგიეროდ სტამი რეგიონალურ კვოტაში ხვდება. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ იგი ბოლო ხანს ტრავმებმა შეაწუხეს, ბევრს ავადმყოფობდა და თუკი კვლავაც გაუგრძელდა ტურნირების იძულებით გამოტოვება, სავარაუდოდ იმ კონტინენტურ კვოტასაც დაკარგავს.
ჩვენი მეორე იმედი 52 კგ-ში მოასპარეზე 19 წლის მარიამ ჯანაშვილია. მან ჯერჯერობით ერთადერთ სარეიტინგო ტურნირზე სცადა ბედი და დამარცხების გამო მხოლოდ ორი ქულა აქვს. საოლიმპიადე ზონაში შესაღწევად ამ წონაში 700 ქულის დაგროვება იქნება საჭირო.
ირაკლი ხმელიძე