გერმანიის ბუნდესლიგის მეორე წრემ სტარტი აიღო. “ვოლკპარკშტადიონზე” “ჰამბურგი” “ბაიერნს” დაუხვდა და ბრძოლაც გაუმართა, მაგრამ საბოლოოდ მაინც უქულოდ დარჩა.
“რეკორდმაისტერმა” რომ მოიგო, პირველ რიგში რობერტ ლევანდოვსკისა და ტომას მიულერის დამსახურებაა. პირველმა დუბლი შეასრულა, მეორემ ორივე გოლში ლომის წილი დაიდო. პირველი ტაიმი დასასრულისკენ მიდიოდა, როცა საჯარიმოში შეღწევა მიულერი შეეცადა, თუმცა რენე ადლერმა იგი ძირს დასცა და შეხვედრის მთავარ მსაჯს პენალტი გამოსტყუა – ლევანდოვსკიმ გერმანიაში 2016 წლის პირველი გოლი შეაგდო.
მეორე ნახევარი ბრუნო ლაბადიას შეგირდებმა აქტიურად დაიწყეს და 53-ე წუთზე სტანდარტის შესრულებისას გოლიც გაქვითეს – სტუმარი ჩაბი ალონსო ბურთის მოგერიებას ცდილობდა, მაგრამ არ გამოუვიდა და თავისი გუნდის კარი დალაშქრა – 1:1. მასპინძელთა სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა. ზუსტად 8 წუთში ლევანდოვსკიმ მიულერის დარტყმულ ბურთს ფეხი დაუხვედრა, ადლერი უკვე საპირისპირო კუთხეში გადამხტარიყო და რეაგირებაც ვეღარ მოასწრო. აღსანიშნავია, რომ საგოლე შეტევა მანუელ ნოიერმა დაიწყო, რომელიც ზუსტად მოედნის ცენტრში შეეგება ბურთს და მარჯვენა ფლანგზე დუგლას კოშტა მოძებნა. სწორედ ბრაზილიელის ჩაწოდებულს მოჰყვა ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ...
“ჰამბურგი” – “ბაიერნი” 1:2 (0:1) (მიმოხილვა)
ჰამბურგი, “ვოლკპარკშტადიონი”
მაყურებელი: 57 000
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; დიკმაიერი, ჯურუ, კლებერი, ოსტრზელოკი; კაჩარი (იუნგი), ჰოლტბი; მიულერი, ჰანტი, ილიჩევიჩი (გრეგორიტში 69); ლასოგა (რუდნევსი 77)
მწვრთნელი: ლაბადია
“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი, ბოატენგი (მარტინესი 56), ბადშტუბერი, ალაბა; კომანი, მიულერი (ვიდალი 69), ალკანტარა, დუგლას კოშტა (რობენი 81); ლევანდოვსკი
მწვრთნელი: გვარდიოლა
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (37, პენ), 1:1 ალონსო (53, ა.გ), 1:2 ლევანდოვსკი (61)
გაფრთხილება: ოსტრზელოკი (20), კაჩარი (32), ადლერი (36), მიულერი (42) – ლამი (45), ალონსო (82)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (1) – 19 (5) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 3:1
მსაჯი: ცვაიერი