კალათბურთი

18:00 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მიხეილ გაბრიჩიძე: "ახლა მთავარია კარგად დავგეგმოთ მოსამზადებელი ეტაპი"

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ტურნირის კენჭისყრის შედეგები შეაფასა. მიუნხენში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის ბრძოლა მონტენეგროს, სლოვაკეთის და ალბანეთის ნაკრებებთან მოუწევს. გაბრიჩიძის განცხადებით, ახლა მთავარია მოსამზადებელი ეტაპი კარგად დაიგეგმოს და ეროვნული გუნდის მოთამაშეები მომავალ მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ.

"შესარჩევ ეტაპზე ისეთი სისტემაა, რომ ყველა მატჩში მაქსიმალური მობილიზება გვმართებს. მოგეხსენებათ, ფინალურ ეტაპზე პირდაპირი გზით ჯგუფების გამარჯვებულები გადიან, ხოლო მეორე ადგილიდან ევრობასკეტზე მხოლოდ 4 საუკეთესო მოხვდება. ამიტომ, წაფორხილების საშუალება არ გვაქვს, საჭიროა, ყველა მეტოქესთან ბოლომდე დავიხარჯოთ და რაც შეიძლება, დიდი სხვაობით გავიმარჯვოთ. შეიძლებოდა, შედარებით სუსტ, ან ძლიერ ჯგუფშიც მოვხვედრილიყავით.

ახლა საჭიროა, კარგად დავგეგმოთ მოსამზადებელი ეტაპი და რაც მთავარია, მოთამაშეები მზადყოფნაში შეხვდნენ საკვალიფიკაციო მატჩებს. იმედი მაქვს, ტრავმიანობა არ იქნება და აგვისტოს ბოლოდან საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატებულად ჩავერთვებით.

მონტენეგროს გასულ წლებში ჩავარდნა ჰქონდა, რაც ამ ქვეყნის წამყვანი მოთამაშეების ნაკრებში არყოფნით იყო გამოწვეული. ახლა ყველაფერს გააკეთებენ, რომ ყველა ძლიერი კალათბურთელი შეკრიბონ და ევრობასკეტზე მოხვდნენ.

დღეს გაიმართა ასევე ასაკობრივი ნაკრებების და გოგონათა 18-წლამდელთა ნაკრების კენჭისყრა. როგორც იცით, პირველად ქართული კალათბურთის ისტორიაში თბილისი ფიბა-ევროპის ტურნირს მასპინძლობს. 8-13 ივლისს საქართველოში ჩამოვა 6 უცხოური ნაკრები და საკმაოდ დიდი გამოწვევა გველის. იმით, რომ ფიბა-ევროპამ ეს პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, იმის ნიშანია, რომ თუკი ამ ტურნირს მაღალ დონეზე ჩავატარებთ, მომავალში უფრო სოლიდური შეჯიბრებების ჩატარების საშუალება მოგვეცემა" - განაცხადა კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურთან საუბრისას გაბრიჩიძემ, რომელიც ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად დღევანდელ კენჭისყრას ესწრებოდა.

0.126495