ფეხბურთი

14:35 | 22.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: „ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემსა და კახას შორის კომუნიკაცია ამ ფორმატში გადავიდა. მე მასთან მოლაპარაკებები მაქვს თვენახევარია და ჩვენ გავაცანით მას ყველა ის პირობა, რასაც ვთავაზობთ. ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს საკითხები არის ფედერაციის მმართველობის და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შორის დიალოგის თემა. თუმცა, მან სხვა ფორმატით აირჩია საუბარი. როგორც იცით, მე არ ვიმყოფები საქართველოში. შესაბამისად, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოში დაბრუნებისთანავე გავმართავ პრესკონფერენციას, სადაც დაწვრილებით ვისაუბრებ ყველა დეტალზე და იმ პირობაზე, თუ რას ვთავაზობთ ჩვენ მას. მზად ვარ ყველა კითხვაზე გავცე პასუხი და დეტალურად ვისაუბრო ნაკრებების მწვრთნელების სახელფასო ანაზღაურების იმ სისტემაზე, რასაც ვნერგავთ“, - აცხადებს ლევან კობიაშვილი.

სფფ-ს პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი პრესკონფერენციას 23 იანვარს, 13:00 სთ-ზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია ცენტრში გამართავს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და გენერალური მდივანი, დავით მუჯირი იმყოფებოდნენ მინსკში, სადაც „განვითარების თასის“ ფარგლებში გასამართ შეხვედრას დაესწრნენ. დღეს კი, ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნები ოფიციალური ვიზიტით ნიონში, უეფას სათაო ოფისში შეხვედრებს მართავენ.

სფფ-ს პრესსამსახური

0.129536