ვეტერანი ესპანელი მეკარე ვიქტორ ვალდესი დიდი ალბათობით, მიმდინარე სატრანსფერ ფანჯრისას ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს” დატოვებს. როგორც ინტერნეტპორტალი Independent-ი იუწყება, 34 წლის კიპერს თავისთან გადასვლას ბელგიის ერთ-ერთი ტიტულოვანი გუნდი, ლიეჟის “სტანდარტი” სთავაზობს. ამ ეტაპზე ტრანსფერის სხვა დეტალები არ ხმაურდება.
ვალდესი, რომელსაც კარიერის უდიდესი ნაწილი მშობლიურ “ბარსელონაში” აქვს გატარებული, “მანჩესტერს” 2014 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. კატალონიელ მეკარეს ინგლისში თავის დამკვიდრება გაუჭირდა და წელიწადნახევრის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ითამაშა. თანაც, მთავარ მწვრთნელ ლუის ვან გაალთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. დღეისათვის, გამოცდილი კიპერი “მანკუნიანელთა” მესამე მეკარედ მიიჩნევა დავიდ დე ხეასა და სერხიო რომეროს შემდეგ.