“ჩემით არსად არ მივდივარ. ფედერაციას თუ სურს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა, მიზეზების ძებნა არაა საჭირო. თქვან პირდაპირ”
“შემთხვევითი კაცი არ ვარ ფეხბურთში. მაიმუნი კი არ ვარ, რამდენიმე თვით დამნიშნონ და მერე გამიშვან. ჩემი კარიერა, ჩემი თავმოყვარეობა მაქვს”
“ნაკრების ფეხბურთელები მირეკავენ და ნერვიულობენ. სიმშვიდე თუ არ იქნება, მერწმუნეთ, ნაკრები შედეგს ვერ მიაღწევს”
“ლევან კობიაშვილს უნდა ჩემი გაშვება? არა”
“ტარიელ ხეჩიკაშვილისგან მოდის ინიციატივა ჩემს გაშვებაზე. ხეჩიკაშვილი დღეს არის სპორტის მინისტრი, ხვალ შეიძლება არ იყოს. მე კი სპორტში სულ დავრჩები”.
ეს ამონარიდებია კახა ცხადაძის დღევანდელი პრესკონფერენციიდან. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცმა ღიად განაცხადა, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილმა დეკემბერში მას პირდაპირ უთხრა – შენ ხელფასს არ გადაგიხდიო.
პრესკონფერენციას ესწრებოდნენ ცხადაძის თანაშემწე გიორგი ჩიხრაძე და ნაკრების მეკარეების მწვრთნელი მამუკა აბუსერიძე. ცხადაძემ თქვა, რომ ჩიხრაძეს ავტომატურად გაუგრძელდა კონტრაქტი, ხოლო აბუსერიძეს და ასევე, ცხადაძის კიდევ ერთ თამაშემწე გია ცეცაძეს ხელშეკრულებები დაუსრულდათ და გაუგებარია, რას მოიმოქმედებს ფედერაცია.
კახა ცხადაძე: “მინდა ვთქვა, რომ ეს არეულობა იმ დროს შეიქმნა, როცა ნაკრები, როგორც არასდროს, ისეა დალაგებული და ერთ მუშტად შეკრული. ამას ვამბობ გადაჭარბების გარეშე. ბაქოს “ინტერთან” 2017 წლის 30 მაისამდე შემეძლო კონტრაქტის გაგრძელება, მაგრამ უარი ვთქვი და მოვედი ნაკრებში, სადაც ჩემივე ინიციატივით, პირველი ექვსი თვე უხელფასოდ ვიმუშავე. ეს იმ დროს, როცა “ინტერში” ხელფასს ვერ ვიღებდი. ნაკრების წინამორბედი მწვრთნელის ხელფასის 60 პროცენტ გასამრჯელოს დავთანხმდი. მიუხედავად პრობლმებისა, შევძელით და გუნდი გუნდს დავამსგავსეთ. ყველამ იცის, როცა ნაკრებში მოვედი, ფეხბურთელებს არანაირი ოპტიმიზმი არ ემჩნეოდათ. იყო ბედნიერი წუთები და ასევე, რთული წუთებიც, მაგრამ მგონი, ყველას გაუჩნდა ოპტიმიზმი.
...როდესაც გერმანიასთან გასვლითი მატჩის შემდეგ დავბრუნდი, სურვილი გამოვთქვი, რომ მომდევნო შესარჩევში მესამე ადგილზე გასვლა ფინანსურად წამახალისებელი გამხდარიყო. ორ დღეში კი სპორტის მინისტრი ამბობს, რომ ნაკრების მწვრთნელს დაბალი ხელფასი უნდა ჰქონდეს და ბონუს-სისტემა უნდა ამოქმედდესო. აი, 30 დეკემბერს კი ხეჩიკაშვილმა მითხრა, რომ წინააღმდეგია, მე ხელფასი გადამიხადოს. ლევან კობიაშვილს თუ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა არ ექნება, რა ქნას? სახლიდან მოიტანოს ფული?
...უკვე ვიცოდი, რომ ჩემს წინააღმდეგ იყო ხეჩიკაშვილი. მანამდე, 18 დეკემბერს ყოფილი ფეხბურთელი დმიტრი გალიამინი ჩამოვიდა თბილისში და მიმზიდველი წინადადება შემომთავაზა, ერთ-ერთ კლუბს სურდა ჩემი დანიშვნა. არ მიღირდა გაზრდილი ხელფასის გამო ეროვნული ნაკრებიდან წასვლა, კობიაშვილს შევხვდი და ეს ვუთხარი. უბრალოდ, “კობის” იმ დროს არ ეცალა, ბათუმში იყო კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე. შემიძლია, გალიამინის ტელეფონის ნომერი მოგცეთ და თავად გადაამოწმოთ, რომ სრულ სიმართლეს ვამბობ.
...ჩემიდან გამომდინარე და საამისო იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ხელფასის 25 პროცენტით დაკლებაზე თანახმა ვარ, ოღონდ თუ მესამე ადგილზე გავალთ, ის 25 პროცენტი დამიბრუნდეს. იმედი მაქვს, რომ გავალთ მინიმუმ მესამეზე. დავიკელი 60 პროცენტი, კიდევ 25 პროცენტის დაკლებაზე თანახმა ვარ და ახლა უკვე ფედერაციის ჯერია.
- ანუ თავი და თავი ხეჩიკაშვილის სურვილია და კობიაშვილს არ სურს თქვენი გაშვება?
- კობიაშვილს სურს ჩემი გაშვება? არა. ლევანი სუფთა ადამიანია და საქმეში უღალატო. მე მას ვუთხარი, რომ არასოდეს დავაღალატებდი. სხვა რამ ხდება: იკვეთება ხეჩიკაშვილის პირადი დამოკიდებულება ჩემს მიმართ. ჩემი ვარაუდია და ნამდვილად არაა უსაფუძვლო, რომ ხეჩიკაშვილს უნდა თავისი არჩეული მწვრთნელი დაინიშნოს ჩემს ნაცვლად. და ნამდვილად არ იქნება ქართული ფეხბურთისთვის კარგი, რომ ხვალ ვინმე სხვა მწვრთნელი მოვიდეს და ორი წელი ლოდინი გთხოვოთ, მაცადეთ, მერე იქნება შედეგიო. ეს საქმე უკვე დაწყებული მაქვს და ბოლომდე იმ შემთხვევაში მივიყვან, თუ სიმშვიდე იქნება.
- გამოდის, რომ ჯერი ფედერაციაზეა. მათ უნდა თქვან, სურთ თუ არა თქვენთან კონტრაქტის გაგრძელება.
- ასეა. გამიკვირდა და მეწყინა, როცა თქვეს, რომ თურმე მე პასუხი არ გამიცია. პასუხი გავეცი, 25 პროცენტს ვიკლებ და დამიბრუნდეს, თუ მესამე ადგილზე გავალთ. იცით, 1994 წლის მუნდიალზე თამაშზე უარი ვთქვი, საქართველოს ნაკრებში ვითამაშე, კაპიტანი ვიყავი და ცოტა არ გამიკეთებია ფეხბურთისთვის. ბურთები, ბუცები და რაღა არ ჩამომქონდა უცხოეთიდან. გარდა ამისა, ბევრ ფეხბურთელს გვერდში დავუდექი, ისინი დამისაქმებია. და სპორტის მინისტრი დღეს არის სპორტში, ხვალ შეიძლება არ იყოს. მე კი სპორტში სულ დავრჩები და ეს იცოდეს.
- წეღან ახსენეთ, უცხოურ კლუბში წასვლა შემეძლოო. რომელ კლუბში?
- აღარ დავაკონკრეტებ, რადგან იქ უკვე დაინიშნა მწვრთნელი და ახლა გაჟღერება არაკორექტული გამოვა.
- როდესაც ტარიელ ხეჩიკაშვილმა გითხრათ, თქვენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო, იმ საუბარს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძეც ესწრებოდა?
- არა. კალაძესთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს.
- გამოსავალი რაშია? გასაგებია, რომ ფედერაციის საბოლოო პასუხს ელით, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ თქვენი გაშვება სურთ და ამას პირდაპირ ვერ ამბობენ?
- ჩემით არსად არ მივდივარ. ფედერაციას თუ სურს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა, მიზეზების ძებნა არაა საჭირო. თქვან პირდაპირ . კობიაშვილმა არაერთხელ თქვა, რომ როგორც მწვრთნელს, მხარს მიჭერს. სამწუხაროდ, არასაფეხბურთო პიროვნებას სურს სამზარეულოს არევა. ფეხბურთელები ყოველდღე მირეკავენ, ნერვიულობენ. თუ სიმშვიდე არ იქნება, მეწრმუნეთ, შედეგსაც ვერ მიაღწევს ნაკრები. არადა, დღეს როგორც არასდროს, ისეა შეკრული ნაკრები. მაიმუნი არ ვარ, რამდენიმე თვე ვიმუშაო და გამიშვან. მგონი, ავტორიტეტი არ დამეწუნება და არანაირად არ ვიმსახურებ ასე მოპყრობას. ბოლოს ისევ პრემიალურების სისტემას დავუბრუნდები. მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში პრემია 3 მილიონი ლარია. მე ფეხბურთელებს გამოვუცხადე: თუ გავალთ, თანხის 30 პროცენტი, ანუ 1 მილიონი თქვენი იქნება-მეთქი.