ზაზა ფაჩულიას „დალას მავერიკსმა“ დღეს, გამთენიისას „მინესოტას“ უმასპინძლა და დამატებით დროში - 106:94 დაამარცხა. დალასელთათვის ეს გამოდგა ზედიზედ მე-4 საშინაო ოვერტაიმი, რომელთაგან ფაჩულიას გუნდმა საკრამენტოს, ბოსტონს და მინესოტას მოუგო, კლივლენდთან კი დამარცხდა.
დღევანდელი შეხვედრის ბოლო ქულები საჯარიმოს ხაზიდან ზაზა ფაჩულიამ ჩააგდო, რომელსაც გამარჯვებაშიც დიდი დამსახურება მიუძღვის. დამატებით დროში ზაზა უფრო დაცვაში ირჯებოდა და მინესოტელთა ახალგაზრდა ლიდერის, ახალბედა კარლ-ენტონი თოუნსის შეჩერება შეძლო, რომელიც მანამდე მინესოტელთა მთავარი შემტევი იარაღი გახლდათ და საბოლოოდ 27 ქულა, 17 მოხსნა, 6 დაფარება და 3 პასი მიითვალა.
დალასელთა ბომბარდირი ჩენდლერ პერსონსი გახლდათ, რომელმაც 30 ქულა დააგროვა. არ უთამაშია დირკ ნოვიცკის, რომლის მაგივრად სასტარტო ხუთეულში ჩარლი ვილანუევამ ითამაშა და 14 ქულა დააგროვა. ზაზა ფაჩულიამ მოედანზე 34 წუთი გაატარა და თავი 12 ქულას, 4 მოხსნას, 3 ჩაჭრას და 1 პასს მოუყარა. ზაზამ 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
„დალას მავერიკსი“ 25 მოგებითა და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. მორიგ მატჩში ფაჩულიას გუნდი 23 იანვარს, „ოკლაჰომა სანდერსს“ უმასპინძლებს.
www.gbf.ge