ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა “ნორვიჩ სიტიმ” შოტლანდიის ნაკრებისა და აწ უკვე ლივერპულის “ევერტონის” ყოფილი ფეხბურთელი სტივენ ნეისმიტი გაიფორმა. ამის შესახებ “ნორვიჩის” ვებგვერდი გვამცნობს. 29 წლის ფორვარდმა ახალ გუნდთან 3.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ტრანსფერის ფინანსური დეტალები კი არ გახმაურებულა.
სტივენ ნეისმიტი “ევერტონში” 2012 წლის ზაფხულში გლაზგოს “რეინჯერსიდან” გადავიდა და მიმდინარე სეზონამდე ძირითადი შემადგენლობის წევრად ითვლებოდა. ამ სეზონში კი პრემიერლიგაში მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ სტივენმა სამივე გოლი 12 სექტემბერს, ლონდონის “ჩელსის” კარში გაიტანა.