სხვა

13:02 | 20.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველებმა დღე უდანაკარგოდ დაასრულეს

იანვრის სუპერტურნირის მე-11 დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტებისთვის. ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე ჰაცუ ბაშოზე მოასპარეზე ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) ბრძოლები გამარჯვებით დაასრულეს.

მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დასავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინისთვის იყო, რომელსაც წაგებათა ლიმიტი უკვე ამოწურული აქვს. ლევანმა 7 მარცხის წილ მე-4 გამარჯვება (იორიკირით) დასავლეთის მე-4 მაეგაშირა კოტოიუკისთან იზეიმა (კარიერაში მეორედ აჯობა) და წოდებაში დაწინაურების შანსი შეინარჩუნა. ამისთვის, ქართველ სეკიტორს დარჩენილი ოთხივე შერკინების მოგება მართებს.

ისიც ვთქვათ, რომ ტოჩინოშინის კონკურენტთაგან უკვე გაიფორმა მაკე-კოში (უარყოფითი ბალანსი) აღმოსავლეთის კომუსუბი იკიოიმ. მან მე-8 მარცხი აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირა ტაკარაფუჯისთან განიცადა. 6 მოგება და 5 მარცხი მოუგროვდა დასავლეთის სეკივაკე იოშიკაძეს, ხოლო აღმოსავლეთის სეკივაკე ტოჩოძანს 11-დან 5 ბრძოლა აქვს მოგებული.

ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე დასავლეთის პირველი მაეგაშირა შოჰოძანი იქნება (ურთიერთშეხვედრებში - 4:1), რომელსაც მაკე-კოშისგან ვეღარაფერი იხსნის. იოშიკაძის მეტოქე აღმოსავლეთის 1-ლი მაეგაშირა ამინიშიკი იქნება, ხოლო ტოჩიოძანს იოკოძუნა კაკურიუს სახით კიდევ უფრო ძლიერი გამომცდელი ეყოლება.

მინიმალურ დადებით ბალანსზე (6 მოგება, 5 მარცხი) გავიდა გაგამარუ, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება. თეიმურაზი აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კაგაიაკის კარიერაში პირველად გაეჯიბრა, ცუკიოტოშით აჯობა და თუკი დარჩენილი 4 შეხვედრიდან მინიმუმ ორში იმარჯვებს, სატიტული წინსვლა გარანტირებული აქვს.

ქართველი გოლიათი შემდეგ ბრძოლას დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ტაკანოივას წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელსაც კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) უკვე დაბევებული აქვს. გაგამარუს მასთან 2 ბრძოლა აქვს ჩატარებული და ორივეში იმარჯვა.

ჰაცუ ბაშოს ერთპიროვნულ ლიდერად ოძეკი კოტოშოგიკუ იქცა, რომელმაც დღევანდლამდე ასევე დაუმარცხებელ იოკოძუნა ჰაკუჰოს სძლია. ახლა, ამ უკანასკნელის დარად 10 მოგება იოკოძუნა ჰარუმაფუჯის აქვს. უდიდესი ალბათობით, “იმპერატორის თასს” სწორედ ეს სამეული გაითამაშებს.

0.128622