ფეხბურთი

18:25 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭიაბრიშვილი: "როცა მოსაგებს მოვიგებთ, მაშინ ვიქნები კმაყოფილი" 
"ასაკობრივი ნაკრები? მხოლოდ არაოფიციალურ პირებთან საუბარი იყო"

"საბურთალო" მზადებას განაგრძობს და ხვალ 13:00 საათზე წლის პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს: თბილისის "დინამოს" შეხვდება დიღმის ბაზაზე. "საბურთალო" საინტერესო და პერსპექტიული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთაგან თითქმის ყველანი სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში თამაშობენ.

"მსოფლიო სპორტი" "საბურთალოს" მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ესაუბრა. ჭიაბრიშვილის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატ მწვრთნელებს შორის, რაც გასაკვირი ნამდვილად არაა - ის კარგი სპეციალისტია, რომლის ხელში "ზესტაფონმა" საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

- "საბურთალოს" მოსამზადებელ გეგმებზე გვითხარით.

- "დინამოს" მერე, 26 იანვარს თერჯოლის "საპოვნელას" ვეთამაშებით "ბენდელაზე". 27-ში გამთენიისას სიდეში მივდივართ შეკრებაზე. თურქეთში ოთხ მატჩს გავმართავთ, აქედან ერთი ჩეხეთის "ზლინთან" გვექნება, დანარჩენებს დავაზუსტებთ და რამდენიმე დღეში ზუსტად გვეცოდინება. ისე, ოთხივე მეტოქე უმაღლესლიგელი იქნება.

- შემადგენლობაში მომხდარ და მოსალოდნელ ცვლილებებზე? ვის დამატებას აპირებთ?

- დვალი, საბანაძე და მაჭარაძე წავიდნენ, მოვიყვანეთ რატი ცაცკრიალაშვილი "ცხინვალიდან". ჯერჯერობით, ერთ ფეხბურთელზე შემიძლია გითხრათ, რომ მასთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ და დიდი ალბათობით, ჩვენთან ითამაშებს. ეს ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედია, რომელიც ადრეც თამაშობდა ჩვენთან, მერე კი უცხოეთში წავიდა. მას ველაპარაკე და თანახმაა ჩვენთან დაბრუნებაზე.

- ცხრილის შუაში ხართ და როგორც ადრე აცხადებდით, ამ სეზონში მაინცდამაინც ზედა ადგილების დაკავება არ იყო მიზანი. გასაგებია, ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდა-წარმოჩენა-გაყიდვაა კურსი. მიზანი ხომ არ შეცვლილა?

- არა, პირველივე ტურებში გამოჩნდა, რომ გავარდნის საფრთხე არ დაგვემუქრებოდა და არც ახლა გვემუქრება. "საბურთალოს" ადგილს ამ სეზონში ცხრილის შუაში ვხედავ. ასე ჩანს. ისე, ყველა წინაპირობას ვხედავ, რომ მეორე წრეს პირველზე უკეთ ჩავატარებთ. მაინც პირველი სეზონია და თავიდან უფრო იყო გამოუცდელობის მომენტი.

- თქვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს რამდენად ატყობთ პროგრესს? რამდენად გაიზარდნენ შარშანდელი ზაფხულის შემდეგ?

- სიმართლე გითხრათ, თამაშის თვალსაზრისით პირველ ლიგაში უფრო გვიჭირდა, ვიდრე უმაღლესში. რომ გადავხედოთ პირველ წრეს, ერთადერთი თბილისის "დინამოსთან" დავმარცხდით პირწმინდად და წინაპირობაც იყო იმისა, რომ ცუდად გვეთამაშა: ეს იმიტომ, რომ უმაღლესი ლიგისთვის სრულიად გამოუცდელი, ახალგაზრდა ჭაბუკები პირველად გავიდნენ "დინამო არენაზე". კიდევ იყო "დილასთან" 1:3 მარცხი შინ, მაგრამ ის თამაში ჩვენ უფრო წავაგეთ, მეტოქეს იმხელა უპირატესობა არ ჰქონია, რომ იოლად მოეგო.

- "საბურთალო" მართლაც ბევრ საგოლე მომენტს აცუდებს, ეს თვალსაჩინოა და ზამთარში ალბათ აპირებთ ამ ნაკლის გამოსწორებაზე მუშაობას.

- წეღან პროგრესზე რომ მკითხეთ, პროგრესს სწორედ მაშინ დავინახავ, როცა მოსაგებ თამაშებს მოვიგებთ და არ დავთმობთ. გამოუცდელობის გამო ბევრი ქულა დავკარგეთ.

- და ნაკრებზეც. ითქვა 21-წლამდელებზე, ასევე 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების კურატორობაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან გქონდათ შემოთავაზება?

- არცერთ ნაკრებზე არ ყოფილა შემოთავაზება. იყო საუბარი, ისიც არაოფიციალურ პირებთან, რომ შემოგთავაზონ, რას გადაწყვეტო. ესაა და ეს. ასე რომ, ახლა არასერიოზული იქნება ჩემგან კომენტარის გაკეთება. ამ ეტაპზე "საბურთალოზე" ვფიქრობ, მთლიანად კონცენტრირებული ვარ.

- რომ შემოგთავაზონ ნაკრებში მუშაობა?

- დავფიქრები, მაგრამ ჯერ იმაზე ვერ ვისაუბრებ, რაც არ ყოფილა.

0.126257