სხვა

13:23 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი შანსს ინარჩუნებს

ქართველი სუმოისტები ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირზე დადებითი ბალანსის (კაჩი-კოში) დაფიქსირების შანსს ინარჩუნებენ.

შეგახსენებთ, რომ გაცილებით რთულ მდგომარეობაში ტოჩინოშინი იმყოფება. მას დღევანდლამდე უკვე 7 მარცხი გააჩნდა და წაფორხილების უფლება აღარ ჰქონდა. საბედნიეროდ, ლევანმა მობილიზება შესძლო და აღმოსავლეთის მე-3 მაეგაშირა იჩინოჯოს იორიკირით სძლია.

ახლა, გორგაძეს, რომელიც ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის კომუსუბის წოდებით ირჯება, 3 მოგება და 7 მარცხი აქვს. ქართველი სეკიტორის მორიგი მეტოქე დასავლეთის მე-4 მაეგაშირა კოტოიუკი იქნება.

თანაბარი ბალანსი (5 მოგება, 5 მარცხი) აქვს გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელს. ქართველმა გოლიათმა დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ტაკანოივა ჰატაკიკომით დაჯაბნა, ხვალ კი ძალებს აღმოსავლეთის მე-16 მაეგაშირა კაგაიუკისთან მოსინჯავს. შეგახსენებთ, რომ თეიმურაზი ტოკიოში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას ტიტულით ასპარეზობს.

ოთხშაბათს ცენტრალური იოკოძუნა ჰაკუჰოს და ოძეკი კოტოშოგიკუს დაპირისპირება იქნება. ამ სუმოისტთა აქტივში 10-10 მოგებაა, ხვალიდან კი ჰაცუ ბაშოს ერთპიროვნული ლიდერი ეყოლება.

ჰაცუ ბაშოს მე-10 დღის მიმოხილვა

გაგამარუს ორთაბრძოლა - 1:40-დან, ტოჩინოშინის - 5:29-დან

0.119204