ფეხბურთი

0:26 | 19.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

კახა ცხადაძე: ”მაქვს კონტრაქტი და მიზნად მესამეზე გასვლა - დღეისთვის სხვას ვერაფერს გეტყვით”

ბოლო დღეებში კახა ცხადაძის საკითხი აქტუალური გახდა და კითხვები გააჩინა: ბევრნი იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მწვრთნელის შეცვლა სურს, თუმცა სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა აღნიშნა, რომ ცხადაძეს ნაკრების მწვრთნელად ხედავს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
კობიაშვილმა თქვა, რომ ნაკრებების მწვრთნელთა კონტაქტებში გასამრჯელო გათვლილი იქნება შედეგებზე, ანუ ამოქმედდება ბონუს-სისტემა და ცხადაძეს ეს ხელშეკრულება შესთავაზა, ახლა კი თავად ცხადაძისგან ელის პასუხს.
“მსოფლიო სპორტი” ცხადაძეს ესაუბრა:
- ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონტრაქტის ახალი პირობები შემოგთავაზათ, სადაც წერია რომ დღევანდელი ფიქსირებული ხელფასის სანაცვლოდ, ნაკლები გასამრჯელო იქნება, მაგრამ თუ მესამე ადგილზე გახვალთ, თანხა საბოლოოდ მეტიც გამოვა. კობიაშვილმა თქვა, რომ თქვენგან ელის პასუხს...
- ამ თემაზე დღეს განსაკუთრებულს ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მაქვს მოქმედი კონტრაქტი და ჩემი მიზანი მომდევნო შესარჩევში მესამე ადგილზე გასვლაა. რა თქმა უნდა, მეორესთვისაც ვიბრძოლებთ.
- განაცხადეთ, რომ ხელფასის 25 პროცენტს დაიკლებდით შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო. რამე ხომ არ შეცვლილა ამ მხრივ?
- არა, თუ ასეთი პრობლემებია, მზად ვარ, ჩვენი ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, 25 პროცენტით შემცირდეს ხელფასი. მესმის, რომ ფეხბურთის ფედერაციას ფინანსურად არ ულხინს და ზოგადად, ქვეყანაში ფინანსური გაჭირვებაა. საერთოდ, ამ თემას ნუ ჩავუღრმავდებით, რადგან ახალი ჩამოსული ვარ საქართველოში და ფედერაციასთან საუბარი ბოლო დღეებში არ მქონია. როცა სიახლე იქნება, მაშინ უფრო შემეძლება პასუხის გაცემა. თურქეთში ვიყავი ლეგიონერთა თამაშის სანახავად.
- რომელი ლეგიონერები ნახეთ საქმეში?
- გიორგი ჭანტურია და გიორგი პაპუნაშვილი, რომლის პროგრესიც ძალიან მახარებს. მინდა, რომ სანამ ნაკრები ითამაშებს, გულხელდაკრეფილი არ ვიყო და ფეხბურთელები საქმეში ნანახი მყავდეს. მალე რუსეთის გუნდები გადავლენ საკონროლო მატჩებზე, ასევე უკრაინულებიც.
- ამხანაგური მატჩის საკითხი ხომ არ გადაწყვეტილა მარტის ბოლოსთვის?
- არა, ჯერ უცნობია მეტოქე.
- თბილისის “დინამოს” ბრაზილიელ მცველ რენე ფერეირას მიწვევა გსურთ ეროვნულ ნაკრებში. ეს მარტივი პროცედურა არ იქნება და რაიმე სახის მუშაობა არის დაწყებული?
- ვთქვი, რომ ეს ცუდი არ იქნებოდა. რენე ფერეირა პერსპექტიული მცველია და საერთოდაც, მთელ მსოფლიოში მისდევენ ნატურალიზაციის პროცესს. რომ არ ამართლებდეს და შედეგი არ მოჰქონდეს, ლოგიკურია, რომ არ დაიწყებდნენ ამ პროცესს. თუმცა ვიცი, რომ ნატურალიზაცია რთული პროცედურაა. მე და გიორგი ჩიხრაძე შევხვდით რენეს “დინამოს” წარმომადგენლებთან ერთად. თავად ფეხბურთელი უარზე ნამდვილად არაა, თუმცა ვნახოთ.
- საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებზე ხშირად გითქვამთ, რომ აქ იმდენ დატვირთვას ვერ იღებენ, რაც უცხოეთშია. თქვენი აზრით, 16 გუნდის ნაცვლად 10, ან 12 გუნდი რომ იყოს და შედარებით ძლიერი გუნდები ხშირად შეხვდნენ ერთმანეთს, ეს იმოქმედებს დონის ამაღლებაზე და ფეხბურთელებიც უფრო კონკურენტუნარიანები გახდებიან?
- ამ თემაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ამჟამად 16 გუნდი თამაშობს და ჩემგან უხერხული იქნება ცვლილებებზე საუბარი.

0.11479