საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა გორის „დილამ“ ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის მზადება 8 იანვარს განაახლა. 18 იანვრიდან გორელებმა პირველი შეკრება დაიწყეს. როგორც „დილას“ პრესსამსახური იტყობინება, გუნდი თბილისში დაბინავდა და ორჯერად ვარჯიშებს შეუდგა. 30 იანვრამდე საქართველოს ჩემპიონი თბილისში მოემზადება და პარალელურად სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს: 23 იანვარს „ცხინვალთან“, 27 იანვარს ბოლნისის „სიონთან“, ხოლო 30 იანვარს „სამტრედიასთან.“
მეორე მოსამზადებელ ეტაპს „დილა“ თურქეთში გაივლის. თურქულ შეკრებაზე გორელებს ექვსი ამხანაგური შეხვედრა აქვთ დაგეგმილი. სპარინგ-პარტნიორების ვინაობას გულშემატკივრები უახლოეს მომავალში შეიტყობენ.
რაც შეეხება სიახლეებს, გუნდიდან წასულები არიან: გიორგი ნავალოვსკი და გიორგი ილურიძე.
„დილას“ ქობულეთის „შუქურადან“ დაუბრუნდნენ: ალან ბაგაევი და თენგიზ წიქარიძე, თბილისის „ლოკომოტივიდან“ გიორგი თექთურმანიძე, ხოლო დუბლშემადგენლობიდან პირველ გუნდში ნიკა ელიაური დაწინაურდა. ასევე, ქობულეთის „შუქურადან“ „დილამ“ გიორგი ჩელებაძე დაიმატა.
გუნდმა დღევანდელი წვრთნა შემდეგი შემადგენლობით გამართა:
მუჯრიშვილი, მარიამიძე, ღონღაძე, კვახაძე, სამხარაძე, თომაშვილი, ხუცილავა, ქარქუზაშვილი, ბაგაევი, ლომიძე, თექთურმანიძე, ნონიკაშვილი, ელიაური, წიქარიძე, ჩელებაძე, ახალკაცი, ფალავანდიშვილი, ერისთავი, მოდებაძე, კვირკვია, კვირკველია, მარცვალაძე, ძარია, გვალია, გოგუა, მაშუკოვი.
„დილა“ პირველი წრის შემდეგ უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და ლიდერ თბილისის „დინამოს“ 5 ქულით ჩამორჩება.