თითქოს წლის პირველი სლემ-ტურნირის (ავსტრალიის ღია პირველობა) სტარტს ელოდნენ, ტელერადიოკომპანია BBC-მ და ინტერნეტ-პორტალმა BuzzFeed-მა მორიგი “ბომბი გახეთქეს, რომელიც მსოფლიო ჩოგბურთში გარიგებულ მატჩებს ეხება.
აღნიშნული წყაროების თანახმად, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ბინძურ საქმეებში რეიტინგის მოწინავე ორმოცდაათეულის ერთბაშად 16 მოთამაშე იყო ჩართული. დარღვევების შესახებ შესაბამისმა ორგანოებმაც იცოდნენ, თუმცა, მათ ჩოგბურთელების ასპარეზობის გაგრძელების საშუალება მაინც მისცეს.
BBC კონკრეტულ გვარებს ვერ ასახელებს, რადგანაც მობილურ ტელეფონებთან, საბანკო ანგარიშებთან და პერსონალური კომპიუტერებთან წვდომის გარეშე, რაიმეს დასაბუთება რთულია. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ ეჭვმიტანილთა შორის გრანდ სლემის ტურნირების ჩემპიონებიც არიან, 8 დამრღვევი კი სწორედ დღეს დაწყებულ ავსტრალიის ღია პირველობაშიც ჩაება. სულ სიაში 70-მდე ჩოგბურთელის გვარი ფიგურირებს.
ცნობილი ბრიტანული ტელერადიოკომპანია გარკვეული დეტალების გახმაურებას 19 იანვარს დაგეგმილ რადიოგადაცემაში აპირებს, პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) პრეზიდენტმა კრის კერმოდმა კი განაცხადა, რომ BBC-სგან კონკრეტული გვარების დასახელებას ელის. მან პირობა დადო, რომ მისი ორგანიზაცია სპეციალურ ქვეგანყოფილებასთან ერთად (“სამართლიანობა ჩოგბურთში”), ყველა მიწოდებულ ინფორმაციას ყურადღებით შეისწავლის.
ცეცხლზე ნავთი მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმაც დაასხა, რომელმაც აღნიშნულ სიახლეს 1 საინტერესო განცხადება მიაყოლა. ჯოკოვიჩის თქმით, ჯერ კიდევ 2007 წელს მას სანკტ-პეტერბურგის ტურნირის პირველ წრეში მარცხისთვის 200 ათას დოლარს სთავაზობდნენ.
“ცხადია, პირადად მე არავინ დამკავშირებია. იმ ხალხზე გავიდნენ, რომელთანაც მაშინ ვთანამშრომლობდი. რასაკვირველია, ისინი უარით გავისტუმრეთ”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, რომელიც მაშინ პეტერბურგულ ტურნირზე სათამაშოდ საერთოდ აღარ ჩასულა.
როგორც სჩანს, უახლოეს დღეებში საჩოგბურთო სამყარო საკმაოდ საინტერესო სიახლეებს შეიტყობს...