ქართველმა კალათბურთელმა ნიკა მეტრეველმა “პასტა რეჯია კასერტას” მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა და დებიუტის კვალობაში კარგადაც გამოიყურებოდა – მისი მონაგარი 7 ქულა და 8 მოხსნა (3 შეტევაში) გახლდათ.
კასერტელები “ვარეზეს” დაუხვდნენ და 70:77 დამარცხდნენ, მეტრეველმა კი 16 წუთში 3-ვე ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ სარგებლიანობის კოეფიციენტის (9) მიხედვით, ნიკა მასპინძელთა რიგებში მხოლოდ პეიტონ სივას (24 ქულა, 7 მოხსნა) და მიკა დაუნსს (16 ქულა, 8 მოხსნა) ჩამორჩა.
“პასტა რეჯია კასერტას” 6 მოგება და 10 მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება. მეტრეველის ახალი კლუბი მომდევნო მატჩს 24 იანვარს, სტუმრად, უშუალო კონკურენტ “მანიტალ ტორინოსთან” გამართავს.