ფეხბურთი

19:00 | 17.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ონიანი: "17-წლამდელთა ნაკრებში? ჯერ არაფერი ვიცი"
"დინამოში" მშვენიერი საშუალებაა ახალგაზრდების წარმოსაჩენად”

არის საუბრები, რომ საქართველოს რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში გიორგი ონიანი დაინიშნება მწვრთნელად. 32 წლის ონიანი თბილისის "დინამოს" დუბლებში მთავარ მწვრთნელ თამაზ სამხარაძის თანაშემწე გახლავთ. რამდენად რეალურია მისი ნაკრებში წასვლა, ამაზე "მსოფლიო სპორტი" თავად ონიანს ესაუბრა.

შეხსენებისთვის, გიორგი ონიანმა სამი წლის წინ დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და დაასრულა იძულებით: მძიმე ტრავმა მიიღო "ტორპედო"-"სიონის" სათასო მატჩის ბოლო წუთებზე. "ბასაზე" იყო თამაში, ონიანი ორთაბრძოლისას დაეცა, პირით ხაზს მიღმა დაახლოებით ორ მეტრში რკინის ბოძს შეეჯახა კისრით და კარგა ხანს გონზე ვერ მოიყვანეს ექიმებმა. მას ორი ოპერაცია დასჭირდა.

- რამდენად რეალურია, რომ რომელიმე ასაკობრივ ნაკრებში მიგიწვიონ?

- სიმართლე გითხრა, მეც პრესიდან გავიგე, მაგრამ საუბარი იყო 17-წლამდელთა ნაკრებზე, რომელიც ვასილ მაისურაძეს ჩააბარეს. ასე რომ, ვერ გეტყვით ზუსტად.

- როგორც ამბობენ, 16-წლამდელთა ნაკრების კანდიდატადაც განიხილებით. იყო ფედერაციიდან შემოთავაზება?

- კონკრეტული მართლა არაფერი ყოფილა. ისე, "დინამოში" ვმუშაობ, მწვრთნელობაში ჩემს პირველ ნაბიჯებს "დინამოში" ვდგამ და წელიწადნახევარია, რაც ამ საქმიანობას ვეწევი. "დინამომ" ბევრი მომცა, გაჭირვების დროს დამეხმარა და ასე ხელაღებით ყველაფერი მივატოვო და ნაკრებში წავიდე, ამაზე არ ვფიქრობ. არ გამოვალ მართალი. თუმცა შემოთავაზების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დავფიქრდები.

- “დინამოში”, როგორც ვიცით, თავიდან შედარებით პატარა ასაკობრივ გუნდს ავარჯიშებდით.

- 14-წლამდელთა გუნდში ვიყავი, ახლა კი დუბლებში ვარ. კარგი გუნდი გვყავს და სხვა გუნდის დუბლებთან შედარებით, ჩვენი ყველაზე ახალგაზრდულია. 1999 წელს დაბადებული ბევრი გვყავს, ჩვენი გუნდიდან ყველაზე ბევრნი არიან მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებში.

- ფეხბურთელობა და მწვრთნელობა: შეადარეთ, რომელი უფრო რთულია?

- ფეხბურთელობის დროსაც ვგრძნობდი, რომ მწვრთნელობა ძალიან რთული იყო. თუმცა საინტერესოცაა, სულ შრომაში და დაძაბულობაში ხარ. ვგულისხმობ იმ მომენტს, თუ მწვრთნელობას სერიოზულად უყურებ და უდგები.

- პირადად თქვენ რამდენად იზრდებით, როგორც მწვრთნელი?

- რა თქმა უნდა, “დინამო” ამისთვის კარგი საშუალებაა. ჩვენ “დინამოს” მთავარი გუნდის დაქვემდებარებაში ვართ, გია გეგუჩაძე და მისი თანაშემწეები მუდმივად ესწრებიან ჩვენს თამაშებს. დანარჩენი თავად ფეხბურთელებმაც უნდა მოინდომონ, მათ ფართო ასპარეზი აქვთ. მოკლედ, ერთი ნაბიჯი აქვთ, რათა “დინამოს” ძირითად გუნდში დაწინაურდნენ. თანაც, გეგუჩაძე, არა მხოლოდ ჩემი აზრით, საუკეთესო სპეციალისტია საქართველოში იმ მხრივაც, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა უყვარს, ნიჭიერს არ დაჩაგრავს და პირიქით, მეტ გაქანებას მისცემს.

- ფეხბურთელობის პერიოდი რომ გაიხსენოთ, როგორ ფიქრობთ, ყველაზე კარგი პერიოდი რომელ გუნდში გქონდათ?

- “ზესტაფონში”, სადაც სამი წელი ვითამაშე და ორჯრ ჩემპიონი გავხდი. თავიდან “ლოკომოტივში” გამოვჩნდი, მაგრამ საუკეთესო პერიოდი მაინც “ზესტაფონში” მქონდა. ცოტა დაგვაკლდა, რომ ეროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე გვეთამაშა. მცირე დეტალები, მცირე გამართლება და სულ სხვაგვარად წავიდოდა საქმე. ეტყობა, დავაკელით.

- გულისხმობთ იმ სეზონს, როცა ავსტრიის “შტურმთან” გავარდით?

- დიახ. იყო ორი მიზეზი. ერთი ის, რომ ზესტაფონში ვერ ჩავატარეთ საშინაო მატჩი. “დინამო არენაზე” ვითამაშეთ, ცუდი მინდორი იყო და ჩვენი ფეხბურთი ვერ ვაჩვენეთ. 1:1 და გასვლაზე გვქონდა შანსი, პირველი ტაიმი კარგი იყო, მეორეში კი გვაჯობეს ავსტრიელებმა. “ზესტაფონში” მანამდეც გულდასაწყვეტი მარცხი ვიწვნიეთ “ჰელსინგბორგთან”, მერე კი “კარპატისთან”, თუმცა ყველაზე გულდასაწყვეტი “შტურმთან” გავარდნა იყო.

- ზოგადად, როგორ შეაფასებდი საქართველოში მიმდინარე ბოლოდროინდელ საფეხბურთო მოვლენებს?

- ძალიან არ მომწონს, როცა ხელს ჩაიქნევენ ხოლმე და იძახიან, არაფერი გვეშველებაო. იმათ მაინც ნუ დაუკარგავენ იმედს, ვისაც სჯერა. ახალგაზრდა თაობამ რა დააშავა? როცა ყველა პატიოსნად გააკეთებს თავის საქმეს, წინსვლასაც დავინახავთ. არ შეიძლება სულ სხვაზე გადაბრალება. “ოლიმპის” სტადიონის დანგრევის თემაც ამის დასტურია. ადრე გაიყიდა და რაც მოხდა, ყველამ იცის, მაგრამ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობისკენ იშვერენ თითს. იმის ნაცვლად, მხარში დაუდგნენ ახალ ხელმძღვანელობას, არარეალურ რამეებს აბრალებენ და ხელს უშლიან. მე იმედი მაქვს ქართული ფეხბურთის წინსვლის, თუ პატიოსნად ყველა თავის საქმეს გააკეთებს.

0.138554