ფეხბურთი

20:43 | 15.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

პაპუნაშვილი კვლავ “ვერდერის” სასტარტოში იყო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ბრემენის “ვერდერმა” მორიგი ამხანაგური მატჩები ჩაატარა. როგორც მოგეხსენებათ, “ბრემენელი მუსიკოსები” ორ გუნდად არიან გაყოფილნი და შესაბამისად, დღეში ორ სხვადასხვა სპარინგსაც ატარებენ. ასე იყო ამჯერადაც. წინა თამაშის მსგავსად კვლავ სასტარტოში დაიწყო თამაში გიორგი პაპუნაშვილმა, რომელიც ვენის “აუსტრიას” გაეჯიბრა. “დინამოს” ექსშემტევმა მოედანზე 78 წუთი გაატარა, თავად მატჩი კი, ფრედ – 2:2 დასრულდა. მეორე გოლი გერმანელებმა ბოლო წუთზე გაუშვეს. გიორგიმ მატჩი საკმაოდ აქტიურად ჩაატარა და ერთ ეპიზოდში გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა არ გაუმართლა.

რაც შეეხება “ვერდერის” მეორე ამხანაგურს, ვიქტორ სკრიპნიკის გუნდი ბაქოს “ინტერს” დაუპირისირდა, რომლის ღირსებასაც ქართველი ფეხბურთელები იცავენ. ლაშა სალუქვაძემ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ნიკა კვეკვესკირმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, გიორგი ლომაიამ მოედანზე მეორე ტაიმი გაატარა, ხოლო ლაშა კასრაძემ 67-ე წუთიდან ითამაშა. თავად შეხვედრა კი “ვერდერმა” კლაუდიო პიზაროს მიერ 41-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

სეზონის მეორე ნახევრისთვის ემზადება მათე ვაწაძის “ორჰუსიც”, რომელიც “ესბიერგს” გაეჯიბრა და 0:1 წააგო. საქართველოს ნაკრების ფორვარდს, რომელსაც ბოლო დროს ცუდი პერიოდი უდგას, მოედანზე მხოლოდ მეორე ტაიმი დაჰყო.

საერთოდ არ უთამაშია ლევან ყენიას, რომელსაც წინა სპარინგში მიღებული ტრავმა აწუხებს. მის გარეშე კი “სლავიამ” ქვედალიგელ “ტაბორშკოს” 3:1 აჯობა.

0.111102