worldsport.ge-ს მკითხველს ჩემი ბოლო სტატიები ალბად ახსოვს სტადიონების გასხვისებისა და მათზე კორპუსების მშენებლობის თაობაზე. ეს ბოლო თვეებია, თითქმის ყველა ყოფილი სტადიონი მოვინახულე თბილისში და აღმოვაჩინე, რომ მალე ჩვენს მომავალ თაობას არათუ ფეხბურთის სათამაშო, არამედ ფეხის გასაშლელი ადგილი აღარ ექნება... არაფრის ახლის შექმნაზე არ მიდის მუშაობა, მხოლოდ როგორმე ადგილი დაითრიონ და ზედ კორპუსები ააგონ. ესაა ქართული ბიზნესი... ამ ხალხს არაფერი აინტერესებს ფულის გარდა: მორიგ სტადიონს ”გაიპრავებენ”, მორიგ კორპუსს ააგებენ, წილებს გაიყოფენ, მერე ბანკეტს გადაიხდიან და საქართველოს სადღეგრძელოს დალევენ, იმ საქართველოსი, ბავშვები რომ გაუწირეს ქუჩისთვის..
მაგრამ, მადლობა ღმერთს, აღმოვაჩინე, რომ არ დაილია საკუთარ ქალაქზე, სამშობლოზე და მომავალზე მოჭირნახულე კაცური კაცები თბილისში: დღეს სამ მათგანს გაგაცნობთ - სამივე ახალგაზრდაა: დიდუბის მაჟორიტარი ლადო ძნელაძე, ბიზნესმენი გიორგი ჩიქოვანი და ყოფილი ფეხბურთელი ლაშა მიმინოშვილი.
გიორგი ჩიქოვანი კალათბურთს თამაშობდა, შემდეგ ელიავას ბაზრობაზე საკმაოდ კარგ საქმეს მოჰკიდა ხელი და ბიზნესი ააწყო. ერთი წუთი არ ყოფილა სპორტის გარეშე და ზემოთხსენებულ მეგობრებთან ერთად დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან ორასიოდე მეტრში ”საფეხბურთო ტაძარი” ააშენა ელიავას ქუჩაზე - საბურავების ბაზრობაზე ძველი, დანგრეული სტადიონი აღადგინა, გარშემო კოხტა გადახურული ტრიბუნები შემოუწყო, ბურთის ფორმის გასახდელიც მიუდგა გვერდით და შვიდიდან თოთხმეტი წლის 120 ბავშვს უფასოდ ავარჯიშებს!!! გიორგის, ლადოს და ლაშას ბავშვები პირდაპირ ქუჩიდან მოჰყავთ: ზოგი ობოლია, ზოგიც მშობლების მიერ მათხოვრად გაშვებული, ზოგი სატანისტურ ორგანიზაციებს გამოგლიჯეს, ზოგიც ნარკომანობისკენ იწევდა,ზოგი დანაშაულისკენ იმზირებოდა... ძირითადად კი სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან და გიორგის, ლადოსა და ლაშას წყალობით ფეხბურთსა და ჯანსაღ ცხოვრებაში ჩაებნენ,ინგლისურსაც კი უფასოდ ასწავლიან! ტანსაცმელი, ფორმა, ბურთი, ბუცი - ზემოთხსენებული სამეული ყველაფერს თავისი ფულით ყიდულობს. სოციალურად დაუცველი პატარები კვებითაც უზრუნველყოფილები არიან,ზაფხულში შავ ზღვაზეც დაასვენეს ბავშვები... ვინც არ იყო მონათლული, თავად გააქრისტიანეს...მალე იქვე, სტადიონთან გიორგი ჩიქოვანის თაოსნობით (მის საკუთრებაში მყოფ მიწაზე!!!) პატარა კაფეც აიგება და ელიავას ეს რუხი უბანი გამოცოცხლდება, უფრო მეტი მშობელი მოიყვანს ბავშვს ამ პატარა საფეხბურთო სკოლაში - დიდუბე-2014 რომ ჰქვია, უბანში კი მათი აღზრდილებით იამაყებენ - აკი 6 მათგანი უკვე სოხუმის „დინამომ“ წაიყვანა, ორი კი თბილისის „დინამოში“ მოხვდა!!! პატარა დიდუბელები კი ისე შეათამაშა ლაშა მიმინოშვილმა, რომ ერთიმეორის მიყოლებით ამარცხებენ მეტოქეებს, თბილისის მერიის თასზე მეორე ადგილზე არიან გათამაშების ცხრილში. ამასწინათ თბილისში ამხანაგური მატჩების გასამართავად ჩამოსულ ბაქოს „ინტერს“ (5:0) და „ნეფთჩის“ (6:2) ადინეს ბდღვირი!!!
ჰოდა მკითხველო - შეადარე ამ სამ ვაჟკაც კაცს ისინი, ვინც იდროვა და კაპიკებში ჩაიგდო ჩვენი სტადიონები ხელში და კორპუსს კორპუსზე აშენებს. ლადო ძნელაძეს, გიორგი ჩიქოვანს და ლაშა მიმინოშვილს კი დიდი გეგმები აქვთ, კიდევ უნდათ თბილისში სტადიონის აშენება, უკვე ასმეტრიანის, საფეხბურთო სკოლის ჩამოყალიბება და კიდევ ბევრ ბიჭუნას მოაცდენენ ქუჩას, დააყენებენ სწორ გზაზე და ღმერთიც უშველით...
მამუკა კვარაცხელია