ახლოვდება ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები, რომელიც 2016 წლის 5-21 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს 206 ქვეყნის 11 000-მდე სპორტსმენი.
სპორტის 28 სახეობის 42 დისციპლინაში გათამაშდება მედლების 306 კომპლექტი. ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიალები სახელგანთქმულ მარაკანას სტადიონზე ჩატარდება.
რიოში, დასავლეთის ზონის რეგიონში – ბარაში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ოლიმპიური პარკის მშენებლობა, რომლის ფარგლებშიც, გარდა მნიშვნელოვანი სპორტული ობიექტებისა, განთავსდება ოლიმპიური სოფელი – 17-სართულიანი 31 თანამედროვე კორპუსი, ასევე – მთავარი პრეს-ცენტრი და საერთაშორისო ტელესამაუწყებლო ცენტრი.
სწორედ ბარაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოეწყობა შეჯიბრებები ოლიმპიური პროგრამის უმეტეს სახეობებში, მათ შორის – კალათბურთში, ძიუდოში, ველოსპორტში, ძალოსნობაში, ჩოგბურთში, კრივში, ჭიდაობის, საწყლოსნო და ტანვარჯიშულ სახეობებში.
როგორც ოლიმპიადის ორგანიზატორები ირწმუნებიან, მთლიანი სამშენებლო სამუშაოების 97 პროცენტი უკვე შესრულებულია და საოლიმპიადოდ რიო სრულ მზადყოფნაში იქნება.
სპორტული ბაზების ნაწილი უკვე მწყობრშია, ამ დღეებში კი ბარას ოლიმპიურ პარკში დასრულდა 16-ათას მაყურებელზე გათვლილი ულტრათანამედროვე საკალათბურთო ცენტრის – “კარაოკა არენა 1”-ის მშენებლობა. ეს არის პირველი ოლიმპიური ნაგებობა, რომლის პრეზენტაციაც ახალ 2016 წელს შედგა. პარასკევს, 15 იანვარს ამ ობიექტზე ტესტ მატჩები გაიმართება.
www.geonoc.org.ge