ჩოგბურთი

14:45 | 14.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეტრეველი მეოთხედფინალშია!

22 წლის ქართველი ჩოგბურთელი ალექსანდრე მეტრეველი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მიმდინარე ჩელენჯერზე (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) წარმატებულ თამაშს განაგრძობს.

BANGKOK II OPEN-ის მერვედფინალში მეტრეველი სერბ მარკო ტეპავაჩს (მსოფლიოს 304-ე ჩოგანი) 3:6, 6:4, 2:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაშის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

ალექსანდრეს მომდევნო მეტოქე ტაივანელი ჯეისონ ჯუნგი იქნება, რომელიც ტაილანდურ ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი, მსოფლიო კლასიფიკაციაში კი 217 ქულით 243-ეა.

შეგახსენებთ, რომ თავად მეტრეველი რეიტინგში 158 ქულით 312-ეა და ეს, მცირედით ჩამორჩება მის კარიერულ რეკორდს (მე-300 ადგილი).

ქართველმა ჩოგბურთელმა ბანგკოკში უკვე გამოიმუშავა 17 სარეიტინგო ქულა და განახლებულ კლასიფიკაციაში მოწინავე სამასეულს დაუბრუნდება.

ცნობისთვის, ჯუნგის დამარცხების შემთხვევაში მეტრეველი 33 ქულას მიიღებს, ფინალი 55 ქულას იძლევა, ტაილანდური ჩელენჯერის ჩემპიონი კი მარაგს ერთბაშად 90 ქულით გაიმდიდრებს.

0.114894