ფეხბურთი

18:00 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ყიფიანი და ვასილ მაისურაძე: ერთი ომში, მეორე – სპეცოპერაციაზე

როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს ვასილ მაისურაძე გაწვრთნის, ხოლო 19-წლამდელებში, სადაც აქამდე მაისურაძე მუშაობდა, გიორგი ყიფიანი იმუშავებს. ორივე ამ ნაკრებს გაზაფხულზე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ელის. მათ დღეს პრესკონფერენცია გამართეს:

ვასილ მაისურაძე: - ორი წლით უმცროსებს, ანუ 1999 წელს დაბადებულთა ნაკრებს გავწვრთნი. არცთუ კარგად ვიცნობ ამ გუნდს, მაგრამ მუშაობა დაწყებული მაქვს და მინსკის რვაგუნდიან საერთაშორისო ტურნირს (17-24 იანვარს) გამოვიყენებთ საამისოდ.

- ვიცით, რომ სელექცია დაიწყო და ნაკრები შეიკრიბა. რამდენად გადაასხვაფერეთ შემადგენლობა?

- სელექციის მიხედვით, რამდენიმე ახალი ჭაბუკია, თუმცა 90-95 პროცენტით იგივე შემადგენლობაა.

- თქვენი თანაშემწე ვინ იქნება?

- ვახტანგ იაგორაშვილი, რომელიც აქამდეც მუშაობდა ამ ნაკრებში და გოჩა ავსაჯანიშვილის თანაშემწე გახლდათ.

- შესარჩევ ჯგუფში მეტოქეებზე რას იტყვით?

- იტალია, რუსეთი და ბოსნია გვყავს (მატჩები 15-20 მარტს საქართველოში), მეორე ადგილიც კი გვაძლევს ფინალურ ეტაპზე გასვლის საშუალებას. იოლი მატჩები ნამდვილად არ იქნება, მაგრამ მიზანი სხვა არაფერი შეიძლება იყოს: უნდა გავიდეთ. ისე, 17-წლამდელებში ადრე მუშაობისას ესპანეთი, ინგლისი და უკრაინა დავტოვეთ ჯგუფში და პირველზე გავედით, მერე კი ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალამდე მივედით. ვიტყოდი, გიორგი ყიფიანი ომში მიდის, მე კი – სპეცოპერაციაზე. გიორგის გაცილებით რთული ჯგუფი შეხვდა.

- მინსკის ტურნირზე ლუკა გუგეშაშვილი და ლუკა ასათიანი ითამაშებენ? ისინი რამდენიმე დღის წინ ჩაირიცხნენ პოლონურ “იაგლონიაში”.

- დიახ, ისინი პირდაპირ მინსკში შემოგვიერთდებიან.

გიორგი ყიფიანი: - მოხარული ვარ, რომ საქართველოში დავბრუნდი და 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელობის პატივი მერგო. მადლობა ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს კანდიდატურას. დღეიდან უკვე სამუშაო პროცესზე გადავდივარ. კომუნიკაცია მექნება ყველა მწვრთნელთან. 24 და 26 იანვარს კი ბულგარეთს ვეთამაშებით თბილისში. გარდა ამისა, 1 და 3 მარტს ჩერნოგიასთან გვექნება გასვლითი ამხანაგური შეხვედრები. ეს ოთხი ამხანაგური მატჩი ვიცი.

- საქართველოში წვრთნიდით “ზესტაფონს”, მერე “სიონს”, ბოლოს “მეტალურგს”. 2012 წელს ისრაელში გააგრძელეთ მუშაობა და კონკრეტულად გვითხარით, იქ რომელ გუნდებში მუშაობდით.

- ვიყავი პირველი ლიგის “ჰაპოელ რიშონ ლეციონში” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. ორი წელი იქ დავყავი, ამასთან, “ჰაპოელის” ასაკობრივი გუნდების კურატორიც ვიყავი. სანამ საქართველოს ვარიანტი გამოჩნდებოდა, ისრაელის უმაღლესი ლიგის გუნდის, “ჰაპოელ ქვარ შავას” მწვრთნელის ასისტენტის პოსტი შემოთავაზეს, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლა ვარჩიე.

- საკმაოდ რთული ჯგუფია 19-წლამდელებში: მეტოქეები ესპანეთი, ინგლისი და საბერძნეთი იქნებიან (მატჩები 24-29 მარტს ესპანეთში)...

- რა თქმა უნდა, რთული ჯგუფია, მაგრამ ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებმა ერთობლივად და გუნდურად უნდა ვიმუშაოთ. ეს უკვე ჩანს და ძალიან მახარებს.

0.120198