ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინიმ ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე იანვრის სუპერტურნირზე ზედიზედ მე-2 ოძეკი დაამარცხა. გოეიდოს კვალად, ტოჩინოშინმა კისენოსატოსაც აჯობა.
შეგახსენებთ, რომ გორგაძე ჰაცუ ბაშოს დასავლეთის კომუსუბის რანგში შეხვდა და თუკი ტურნირს დადებითი ბალანსით (კაჩი-კოში) დაასრულებს, დიდი ალბათობით, სეკივაკეს წოდებასაც მიიღებს.
გორგაძემ შეჯიბრი 2 მარცხით გახსნა, თუმცა, ახლა, უკვე მოგება-წაგებათა თანაბარი რაოდენობა აქვს. კისენოსატოსთან ჯახში ქართველმა სეკიტორმა შიტატენაგე გამოიყენა და მცირე სენსაციაც დააფიქსირა. მან იაპონელ ოძეკისთან 40-წამიანი ურთულესი ბრძოლა გადაიტანა და მეტოქეს კარიერაში მეექვსედ აჯობა (14 მარცხის საპირისპიროდ).
ტოჩინოშინს ხვალაც მძიმე ორთაბრძოლა ელის, რადგანაც მეტოქედ მორიგი ოძეკი კოტოშოგიკუ ეყოლება. ქართველს მასთან ძალიან უჭირს (ურთიერთშეხვედრებში – 4:19), თუმცა, იმედია, ამჯერად, წარმატებას მიაღწევს.
ისიც ვთქვათ, რომ კოტოშოგიკუს ტოკიოში 4-ვე შერკინება მოგებული აქვს და ლიდერთა შორის იმყოფება. მის გარდა, მარცხის გემო ჯერაც არ შეუგრძვნიათ იოკოძუნა ჰაკუჰოს, დასავლეთის მე-6 მაეგაშირა ოკუნოუმის და დასავლეთის მე-8 მაეგაშირა ტაკაისუს.
სწორედ ეს უკანასკნელი იქნება გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელის მომდევნო მოწინააღმდეგე. ქართველმა გოლიათმა, რომელიც ჰაცუ ბაშოზე დასავლეთის მე-9 მაეგაშირას ტიტულით ირჯება, ამჯერად, აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიიოტაირიუსთან წააგო (ჰატაკიკომით).
გაგამარუს ტოჩინოშინის დარად, 2 მოგება და 2 მარცხი გააჩნია, ტაკაიასუსთან კი პრინციპული დაპირისპირება ელის, რადგანაც გასულ 8 შეხვედრაში მასთან მხოლოდ 3-ჯერ უმარჯვია.
იანვრის სუპერტურნირის მე-4 დღის ვიდეომიმოხილვა