სხვა

13:54 | 13.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

დასანანი მარცხი გერმანიასთან

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველი მოგების მოპოვებამდე ცოტა დააკლდა. ქართველმა წყალბურთელებმა რეიტინგით მაღლა მდგარ გერმანიას ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიეს და თამაში მხოლოდ ბოლოსკენღა დათმეს – 9:11 (3:1, 3:4, 2:3, 1:3).

აღსანიშნავია, რომ იოვან პოპოვიჩის მიერ დარიგებული საქართველოს ნაკრები პირველ ტაიმში 3 ბურთის სხვაობითაც კი იგებდა, დასკვნით მეოთხედს კი საყაიმო ანგარიშზე (8:8) შეხვდა.

საქართველოს ნაკრების მხრიდან 7 გოლი ლეგიონერებმა – დამირ ცრეპულიამ (3), მარკო ელეზმა (3) და მარკო ელაჩამ (1) შეაგდეს, 2-ჯერ კი თავი გუნდის კაპიტანმა ზურაბ რურუამ გამოიჩინა.

ქართველ წყალბურთელებს 2 ტურის თავზე 2 მარცხი მოუგროვდათ და C ჯგუფში მე-4 ადგილი უკავიათ. დღესვე, თბილისის დროით 21:45 საათზე იტალია რუმინეთს გაეჯიბრება და იმ გუნდის ვინაობას შევიტყობთ, რომელიც ამ ჯგუფს სათავეში ჩაუდგება.

ქართველ წყალბურთელებს ბელგრადში მიმდინარე ევროპირველობის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი შეხვედრა 15 იანვარს ელით, როდესაც 20:15 საათიდან ფავორიტ იტალიას გაეჯიბრებიან.

www.msy.gov.ge-ს ვიდეო

0.115853