2016 წლის იანვრის სუპერტურნირზე პირველად, დღის განმავლობაში ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა. აღსანიშნავია ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძის წარმატება, რომელმაც ოძეკი გოეიდოს სძლია.
დასავლეთის კომუსუბის ტიტულის მქონე ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო 2 მარცხით გახსნა, ამდენად, ოსაკელ სეკიტორთან ძალიან მონდომებული იყო და იორიკირით იმარჯვა. საინტერესოა, რომ ტოჩინოშინმა გოეიდოს უკვე მეშვიდედ აჯობა.
ქართველი სუმოისტის მორიგი მოწინააღმდეგე კიდევ ერთი ოძეკი კისენოსატო იქნება, რომელსაც ქართველის დარად 1 მოგება და 2 მარცხი გააჩნია. ჯერჯერობით, ლევანი მასთან 5:14 მარცხდება.
მინიმალური დადებითი ბალანსი (2 გამარჯვება, 1 წაგება) აქვს თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. ქართველმა გოლიათმა, რომელიც ტოკიოში დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით ირჯება, აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ენდოს ოშიდაშით აჯობა. ახლა, ქართველი იაპონელს ურთიერთშეხვედრებში 4:1-ს უგებს.
იანვრის სუპერტურნირის მე-4 დღეს გაგამარუს პირისპირ აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა ჩიოტაირიო (ურთიერთშეხვედრებში 1:3) დადგება, რომელსაც აქტივშიც ერთადერთი მოგებაა.
ისიც ვთქვათ, გასული დღე სენსაციებით მდიდარი გამოდგა. გოეიდოს გარდა, წააგო ოძეკი ტერუნოფუჯიმაც, უმთავრეს მოულოდნელობად კი იოკოძუნა კაკურიუს მარცხი იქცა, რომელსაც აღმოსავლეთის პირველმა მაეგაშირა ამინიშიკიმ ოშიდაშით აჯობა.
ამგვარად, ჰაცუ ბაშოზე იოკოძუნათაგან დაუმარცხებელი მხოლოდ ჰაკუჰოა, კაკურიუმ და ჰარუმაფუჯიმ კი თითოჯერ უკვე წაიფორხილეს.
იანვრის სუპერტურნირის მე-3 დღის მიმოხილვა
გაგამარუს ორთაბრძოლა – 1:59-დან, ტოჩინოშინის 6:54– დან