კალათბურთი

2:52 | 12.01.2016 | ნანახია [] - ჯერ

Eurohoops.net: იგორ კოკოშკოვს ილიას ზუროსი ჩაანაცვლებს
ქართველ კალათბურთელებს საბერძნეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი დაარიგებს?

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ილიას ზუროსი მოიაზრება. Eurohoops.net-ინფორმაციით, სწორედ ცნობილი ბერძენი სპეციალისტი ჩაანაცვლებს სერბ იგორ კოკოშკოვს, რომელთან კონტრაქტის გაგრძელებაც აღარ იგეგმება.

ზუროსი, რომელსაც 11 მარტს 50 წელი უსრულდება, საკალათბურთო სამყაროში საკმაოდ ცნობილი კაცია. მისი სამწვრთნელო პიკი 2011 წლის მარტში იყო, როდესაც საბერძნეთის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

სწორედ ზუროსის ხელმძღვანელობით ითამაშეს ბერძნებმა 2011 წელს ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე, სადაც მე-2 ჯგუფურ ეტაპზე საქართველოსაც გადაეყარნენ და 73:60 სძლიეს. მაშინ ელინებმა ტრავმირებული ზაზა ფაჩულიას და გიორგი ცინცაძის გარეშე დარჩენილი ქართველები ბოლო მეოთხედშიღა “გატეხეს” და ილიასმა იგორ კოკოშკოვს და მის გუნდს საქებარი სიტყვებიც უძღვნა.

“ვულოცავ საქართველოს. მათ ითამაშეს ორგანიზებული და ლამაზი კალათბურთი. სწორი ფილოსოფია გააჩნიათ. საქართველოსთან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, რომელიც მომავალი მატჩისთვის მოსამზადებლად გამოვიყენეთ” – აღნიშნა მაშინ ილიასმა.

საბოლოოდ, საბერძნეთის ეროვნულმა გუნდმა მეოთხედფინალს უწია და მომავალ ფინალისტ საფრანგეთთან 56:64 წააგო, შემდეგ სერბეთს 87:77 სძლია, ლიტვასთან კი 69:73 დამარცხდა და ევრობასკეტზე მე-6 ადგილს დასჯერდა.

აღნიშნულის შემდეგ, ზუროსმა პოსტზე დიდხანს ვეღარ გაძლო. მის ხელში ბერძნებმა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზურის მოპოვება ვერ მოახერხეს, რაც მწვრთნელს ძვირად დაუჯდა.

საკლუბო ასპარეზზე ზუროსის განვლილი გზა ასეთია: “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) – 2000-02, “საგესე” (ლიბანი) – 2003-04, “პერისტერი” (საბერძნეთი) – 2004-05, “არისი” (საბერძნეთი) – 2005-06, “პარი-ლევალუა” (საფრანგეთი) – 2006-07, “პანელინოსი” (საბერძნეთი) – 2007-10, “ჟალგირისი” (ლიტვა) – 2011, 2013, “ეფესი” (თურქეთი) – 2012, “თოფაში” (თურქეთი) – 2014-15.

გასული წლების განმავლობაში ილიასს ლიბანის ჩემპიონატი, ფიბა-აზიის ჩემპიონთა თასი, ლიტვის ჩემპიონატი და თასი და ბალტიის ლიგა მოუგია, 2010 წელს კი, როდესაც ათენის “პანელინოსს” ავარჯიშებდა, ევროთასის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

0.114846